მნიშვნელოვანისიახლეები

ომიკრონის საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება

სპეციალისტები ახალი შტამის მაღალი რეინფიცირების რისკებზე საუბრობენ. ეპიდემიოლოგების შეფასებით, თუ კვლევებმა დაადასტურა, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტზე უფრო აგრესიულია, პანდემია განახლდება და კიდევ ერთი ძლიერი ტალღა გველის.
ტიკარაძე ამბობს, რომ ახალი შტამი, ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და მის მართვას განსაკუთრებული მზადყოფნა სჭირდება, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს.
გარდა ამისა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ქვეყანაში არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შეუფერხებლად შეძლებს კოვიდპაციენტების მიღებას.
“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს უკვე კოვიდპანდემის მართვის მიმართულებით არის აწყობილი სისტემა, სისტემა ფუნქციონირებს – ჩვენ გვაქვს ტესტირების უმაღლესი სტანდარტი, რითაც დროულად ვახერხებთ პაციენტების ტესტირებას. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ასევე, კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი იმ რიცხვებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესები ასე შეუფერხებლად გაგრძელდეს და ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას.
როგორც ვაკვირდებით, ეს არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი, სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. გამომდინარე აქედან, არის შესაფერისი მზაობა საჭირო, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოს გააჩნია,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, შეიძლება ითქვას, მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება. მძიმე პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც გოფოძე განმარტავს, განხორციელდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია პანდემიის პირობებში, რაც მისი თქმით, გულისხმობს იმას, რომ გაიხსნა ახალი რეანიმაციული განყოფილება, რამაც შესაძლებელი გახადა რთულ პირობებში დაახლოებით 350 პაციენტის მიღება. მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს,რომ მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაზე გადასვლა ძალიან სწრაფად მოხდება.
“ომიკრონი ძალიან სწრაფად შემოვა, გავრცელება იქნება სწრაფი და დიდი რაოდენობით, მოცვა იქნება ძალიან მაღალი. გავრცელების ამ რისკებიდან ერთადერთი თავდაცვის საშუალება არის, რომ მას არ შევხვდეთ 42-43%-იანი აცრილების რაოდენობით,“-განაცხადა დევი ტაბიძემ.
ამასთასთან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი უპრეცენდენტო სისწრაფით ვრცელდება. კორონავირუსის ეს მუტაცია მსოფლიოს 77 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ის შეუმჩნევლად უკვე სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული.
ჯანმოს განცხადებით, არასაკმარისი კეთდება ამ ვარიანტთან საბრძოლველად. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომიკრონი ნაკლებად სერიოზულ დაავადებას იწვევს, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა“ – თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, ვინაიდან ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები და დიდი რაოდენობით მუტაციას შეიცავს

მსგავსი პოსტები

Back to top button