მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 192-ე დღეს უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების კუთვნილი კიდევ 25 ტანკი, 37 ჯავშანმანქანა, 8 საარტილერიო სისტემა და სხვა სახის აღჭურვილობა გაანადგურეს.

მტრის საერთო დანაკარგი კი მოიცავს:

📌2034 ტანკს

📌4403 ჯავშანმანქანას

📌1134 საარტილერიო სისტემას

📌293 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას

📌153 საჰაერო თავდაცვის სისტემას

📌235 თვითმფრინავს

📌205 ვერტმფრენს

📌3268 ავტომობილსა და საწვავის ავზს

📌15 გემს/ნავს

📌864 უპილოტო საფრენ აპარატს

📌105 ერთეულ სპეცტექნიკას

📌203 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის პოზიციებზე, ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას „როიტერსი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დადასტურდა, რომ ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ზუსტმა დარტყმებმა გაანადგურა მტრის სამი საარტილერიო სისტემა, ისევე როგორც, საბრძოლო მასალის საწყობი და ათობით ჯარისკაცი“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, დაშავდა ერთი ადამიანი, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს.

„ღამე ძალიან ხმაურიანი იყო. რუსებმა რეგიონს ფრთოსანი რაკეტებით, „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით შეუტიეს“, – წერს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, ოკუპანტებმა დნიპროს რაიონს ხუთი რაკეტა ესროლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ხუთივე ჩამოაგდეს. რეზნიჩენკო ასევე იუწყება, რომ ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით დაბომბეს, თუმცა არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

„თავდასხმას ნიკოპოლში ნგრევა არ მოჰყოლია. მარგანეცში კი დაზიანდა რამდენიმე სახლი, სამეურნეო შენობა, ავტომობილები და გაზსადენი”, – განაცხადა რეზნიჩენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button