მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 27-ე დღე. რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის

უკვე 27-ე დღეა უკრაინა რუს ოკუპანტებს უმკლავდება. რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო ცეცხლს, მეტწილად გამთენიისას ხსნის.

გამთენიისას განგაში გამოცხადდა ქალაქ ბორისპოლში, მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს. გახშრდა კიევზე თავდახსმები – ოკუპანტებმა ცეცხლი პადოლსკის რაიონს გაუხსნეს.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჩერნიგოვში. ქალაქის მერის განცხადებით, საოკუპაციო ძალები, დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან. გვიან ღამით ოკუპანტებმა, ქალაქ ხერსონში სუპერმარკეტი დაბომბეს.

მარიუპოლის მმართველობის ცნობით, ღამით რუსულმა არმიამ ავიაიერიში მიიტანა ხელოვნების სკოლაზე, სადაც 400 მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე იუწყება, რომ უკვე დააფიქსირეს აშკარა ნიშნები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის, ბელარუსის შეიარაღებული ძალებიც ემზადება.

ქალაქ ბორისპოლის მერმა, ვოლოდიმირ ბორისენკომ მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

ბორისენკომ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოსახლეობას სთხოვს, სპეციალურ ე.წ. “ქოლ ცენტრს” დაუკავშირდნენ და ქალაქი დატოვონ.

„მივმართავ მშვიდობიან მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება, დაუკავშირდნენ ჩვენს ქოლ ცენტრს და თუ შესაძლებელია, დატოვონ ქალაქი“, -აცხადებს მერი.

მისი თქმით, რაც უფრო მცირეა ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობა, მით უფრო ადვილია შეიარაღებული ძალების მუშაობა.
„მოდით გავაკეთოთ ეს. ახლა არ არის საჭირო ქალაქში ყოფნა. ბრძოლები უკვე მიმდინარეობს,“- აღნიშნა მერმა.

ამასთან უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 651 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, 3 780-მდე კი – ნაწილობრივ დაზიანდა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

„დაზიანებული შენობების რაოდენობაზე უკვე არსებობს ანალიტიკა. 3 780-მდე საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა, 651 კი – მთლიანად განადგურდა“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომან პრიმუშმა.

მისივე თქმით, ეს სტატისტიკა ასახავს მხოლოდ იმ ობიექტებს, სადაც მაშველებს შეუძლიათ შეაფასონ ზარალი მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე და ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ, განადგურების მასშტაბები გაცილებით დიდია.

ამასთან, რომან პრიმუშმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური უკვე ამუშავებს გეგმებს ქვეყანაში დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.

„ჩვენ უკვე ვაგროვებთ ძალებს ქვეყნის მომავალი რეკონსტრუქციისთვის“, – განაცხადა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button