ომის 277-ე დღე, ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიებს ისევ ბომბავენ

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთი ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
იანუშევიჩის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქის მისამართით 54-ჯერ გახსნეს ცეცხლი.
„რაშისტები განაგრძობენ ტერორის ტაქტიკის გამოყენებას, მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ოლქის მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა იანუშევიჩმა.
ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონი, ჩერნობაევკა, ანტონოვკა და სხვა დასახლებები.
ცნობისთვის 11 ნოემბრის შემდეგ, როდესაც უკრაინული ჯარები დე-ოკუპირებულ ხეროსნში შევიდნენ, ქალაქში 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – წერს უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო Facebook-ზე.
ისინი გახდნენ რუსული ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვის მსხვერპლნი დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, რომელიც რჩება მათი კონტროლის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ხერსონი 11 ნოემბერს გაათავისუფლა.პუტინის რეჟიმისთვის საკვანძო ქალაქში ისევ უკრაინული დროშა აფრიალდა და ამით თითქმის 9-თვიანი ოკუპაცია დასრულდა. ქალაქს, რომელიც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმით მიიერთა, დღეს ოფიციალური კიევი აკონტროლებს.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინაში ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდაცვის ძალების და რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ოპერაციების საერთო ტემპი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდის გაუარესების გამო შენელდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის რამდენიმე კვირაში დაჩქარდება. ანალიტიკოსების თქმით, უკრაინაში ტემპერატურა თანდათან ეცემა, ფრონტის ხაზზე კი მიწა იყინება.
ანალიტიკოსები წერენ, რომ უახლოეს კვირაში უკრაინაში ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი, რაც ექსპერტების აზრით, დააჩქარებს ბრძოლის ტემპს ორივე მხარის მობილურობის მატებასთან ერთად.
ყოველდღიურ ანგარიშში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უცნობია, რომელიმე მხარე აქტიურად გეგმავს ან ემზადება თუ არა შეტევითი ან კონტრშეტევით ოპერაციების განახლებისთვის.
ISW-ის სხვა მიგნებები 26 ნოემბრის ანგარიშში:
რუსი ოფიციალური პირები აგრძელებენ ძალისხმევას უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის.
რუსი ოფიციალური პირები, შესაძლოა, ცდილობდნენ დაუპირისპირდნენ ვაგნერის ფინანსისტის ევგენი პრიგოჟინის მზარდ გავლენას სხვა რუსული სამხედრო სტრუქტურების ხელშეწყობის გზით.
უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კამპანიაში, რუსული ძალები, სავარაუდოდ, იყენებენ ინერტულ Kh-55 რაკეტებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ბირთვული ქობინების გადასატანად, რაც აჩვენებს რუსული სამხედროების მიერ მაღალი სიზუსტის იარაღის ამოწურვას.
რუსული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ უკრაინის კონტრშეტევის წინააღმდეგ.
რუსული ძალები აგღძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით.
რუსული ძალები აგრძელებენ სიმაგრეების შექმნას აღმოსავლეთ ხერსონის ოლქში.
რუსული ტაქტიკური, ლოგისტიკური და ტექნიკის წარუმატებლობა კვლავ ამცირებს რუსული ჯარების ზნეობას და ისინი ცდილობენ მათი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალონ.
გარდა ამისა უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს” უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.
„ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება… ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა [მშრალი ყინვა]. ერთი სცადონ, სანგრებში რამდენიმე საათი გაატარონ თუნდაც 0 გრადუს ტემპერატურაზე, 100%-იანი ნესტის პირობებში. ეს მხოლოდ ჰიპოთერმია კი არ იქნება, მათ კიდურები მოეყინებათ. იარაღის სროლას ვერ შეძლებენ, თითებს ვერ დაიმორჩილებენ, მოუწევთ ჩახმახს ცხვირით გამოკრან“, – განაცხადა სვიტანმა უკრაინულ „Радіо НВ“-სთან ინტერვიუში.
რუსეთში ხშირად იხსენებენ “გენერალ ზამთარს”, რომელმაც, მეორე მსოფლიო ომში, შეაჩერა გერმანელების შეტევა მოსკოვზე. გერმანელმა სამხედროებმა წარუმატებლობა სწორედ „გენერალ ზამთარს“ დააბრალეს. თუმცა ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მაშინ თბილი ტანსაცმლისა და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტს სწორედ გერმანელი ჯარისკაცები განიცდიდნენ, ხოლო დღეს იგივე პრობლემის წინაშე რუსეთის არმია დგას.
რომან სვიტანის შეფასებით, რუსი ჯარისკაცებისთვის პრობლემა იქნება გამათბობელი ხელსაწყოების გამოყენება თუ ცეცხლის დანთება ღამით; რადგან ისინი, ასეთ შემთხვევაში, კარგ სამიზნეებად იქცევიან.
„ისინი იოლად აღმოსაჩენი იქნებიან ნებისმიერი ინფრაწითელი დაზვერვის სისტემისთვის. ჩვენი არტილერია მაღალი სიზუსტისა და შორ მანძილზე მოქმედია. უკრაინული ჯარი სწორედ ინფრაწითელი კონტრასტებით ისარგებლებს ზამთრის ხანგრძლივ ღამეებში. რუსებმა არ იციან, რასთან მოუწევთ შეხება. ჩვენ უკვე მე-9 წელია ვიბრძვით და ჩვენმა მეთაურებმა ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. რუსები საერთოდ არ არიან მზად ჩვენი ზამთრისთვის“, – აცხადებს რომან სვიტანი.
ექსპერტისვის თითქმის წარმოუდგენელია, რომ „ნაწილობრივ მობილიზებულებმა“ [რუსეთში მობილიზაციის პირველი ტალღის დროს გაწვეულები] და მათმა “ასევე ნაწილობრივ მობილიზებულმა“, გამოუცდელმა მეთაურებმა უკრაინული ზამთრის სიურპრიზებს გაართვან თავი.