მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 28-ე დღე უკრაინაში

ოკუპანტებმა დესნაზე გადებული ის ხიდი ააფეთქეს სადაც ჩერნიგოვიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა

ომის 28-ე დღე უკრაინაში – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიევის ერთ-ერთი რაიონი ღამით გრადის ტიპის ჭურვებით დაიბომბა. ჩერნიგოვში კი ოკუპანტებმა დესნაზე გადებული ის ხიდი ააფეთქეს, რომელიც ქალაქი კიევს უკავშირდებოდა. ამ ხიდის დახმარებით ხდებოდა ჩერნიგოვიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

რუსეთში ამბობენ, რომ უკრაინაში შეიარაღებული ძალების საწვავის დიდი საწყობები გაანადგურეს :

“უკრაინის სამხედრო ობიექტებზე განვახორციელეთ მიზანმიმართული დარტყმები სახმელეთო და საზღვაო, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით. განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვავის დიდი საწყობები, ლისიჩანსკისა და კრამატორსკის ცენტრებში, ისევე როგორც სარაკეტო საცავები და საბრძოლო მასალის საწყობები. ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 83 სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში,” – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით კი სამხედრო ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. შეკავებულია მტრის წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით. გრძელდება მარიუპოლის წრიული დაცვა.

სივერსკის რეგიონში ჯარები იცავენ ჩერნიგოვს და აფერხებენ მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. უწყების ცნობით, გვიან ღამით მტერმა გააქტიურა საავიაციო მოქმედება და სარაკეტო დარტყმები. საპასუხოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელდა დარტყმები მოწინააღმდეგის 17-ზე მეტ საჰაერო სამიზნეზე. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი უმეტესწილად დემორალიზებულია, სამხედრო მოქმედებების გაგრძელების უნარი მათ მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გრძელდება ფარული მობილიზაცია უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი ჯარების დანაკარგების შესავსებად.

​კვლავ პრობლემად რჩება “მწვანე დერეფნების” საკითხი – უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, საოკუპაციო ჯარებმა შეთანხმება დაარღვიეს და ევაკუაციის უფლება არ მისცეს მარიუპოლის ორი სოფლიდან მიმავალ მოსახლეობას.

“ოკუპანტებმა აიყვანეს ავტობუსების 11 მძღოლი და საგანგებო სამსახურის 4 ოფიცერი. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.

ჩვენ უზრუნველვყავით ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა მარიუპოლის ევაკუაციისთვის. 1100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ბერდიანსკიდან. ახლა ისინი ზაპოროჟიეში, უსაფრთხოდ არიან. მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში, კერძო ავტომობილით, 5926 ადამიანი ჩავიდა. ბერდიანსკში შევიდა ჰუმანიტარუოლი დახმარება, მათ შორის, საკვები და მედიკამენტები,” – აცხადებს ვერეშჩუკი.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე რუსების თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია.

„სამშაბათს, დაახლოებით 20 საათზე, მტერი რუბეჟნოეში მრავალსართულიან შენობას თავს დაესხა. ბომბი მეხუთე სართულზე აფეთქდა. მაშველებმა 3 გარდაცვლილი იპოვეს, მათგან 2 ბავშვია.

მტერი არ ჩერდება და აგრძელებს მოქალაქეებზე თავდასხმას. დღეს სამყარო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ე.წ „რუსული მშვიდობა“ პატარა ბავშვების მკვლელობას ნიშნავს“ – წერს გაიდაი ფეისბუქზე.

გაიდაის თქმით, დაბომბვის შედეგად ცეცხლი ქალაქის რამდენიმე შენობას მათ შორის სკოლასა და საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდათ. ამასთანავე დაზიანდა გაზსადენიც

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მიერ დღეს, 23 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან დაიღუპა 121 და დაშავდა 160-ზე მეტი ბავშვი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button