ომის 363-ე დღე უკრაინა რუსეთის მიერ კვლავ იბომბება

ომის 363-ე დღე უკრაინაში. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქსაც, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. შეტევა განხორციელდა ავდეევკასა და ნიკოპოლის ოლქებზეც. ღამით დაარტყეს ზაპოროჟიას გარეუბნებსაც.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების 460 მილიონიანი პაკეტი დააანონსა.
ნიდერლანდები კი 2023 წელს გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად 230 სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნას გეგმავს.
ოფიციალურ კიევს აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის ახალ – 15 მილიარდიან, მრავალწლიან პროგრამას გაწერს.
ოკუპანტებმა დღეს, 21 თებერვალს ხერსონი დაბომბეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ 20-მდე აფეთქების ხმა იყო.
“ხერსონში უკვე 20-მდე აფეთქება მოხდა. დარჩით თავშესაფრებში ან უსაფრთხო ადგილებში”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები დარტყმისა, რომლის სამიზნე, სხვათა შორის, იყო ქალაქის ცენტრში მდებარე ავტობუსების გაჩერება სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
უკრაინის მედია იტყობინება, რომ ქალაქს ზალპური სარაკეტო სისტემა „გრადის“ მინიმუმ 20 ჯერი ესროლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა 12 კი დაშავდა.
თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც:
“რუსეთი მასობრივად ბომბავს ხერსონს. კვლავ უმოწყალოდ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს. დაზიანდა ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფართები, მაღალსართულიანი შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ამ ტერორისტულ თავდასხმებს, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა. მსოფლიოს არ აქვს უფლება ერთი წუთით მაინც დაივიწყოს, რომ რუსეთის სისასტიკესა და აგრესიას საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი ყველა მის არაადამიანურ დანაშაულზე ჩვენი ხალხისა და უკრაინის წინააღმდეგ”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დარტყმის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ნოემბერში დატოვეს ხერსონი, ქალაქს ხშირად უშენენ ცეცხლს, იყო მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.