მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 391-ე დღე-“რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს!

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
“რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 20 მარტს, რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები მოკლეს: ბახმუტსა და ავდეევკაში. რეგიონში კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

21 მარტის დილის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 1420 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3244 კი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის დაცვა გრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

“ბახმუტის დაცვა გრძელდება. ფრონტის მთელ ხაზზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ბახმუტის მიმართულებით მუდმივად ნადგურდება მტრის ტექნიკა, ცოცხალი ძალა და საწყობები.

მტრის თავდასხმის ჯგუფები ცდილობენ გადაადგილდნენ გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები მათ [რუს ოკუპანტებს] მთელი დღის განმავლობაში ანადგურებენ”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, მათ შორის ქალაქ ბახმუტის აღებას, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინელი სამხედროების ხელშია. ამავდროულად, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის “დიდი შეტევა” უკრაინაში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება.

16 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ ბახმუტის შტურმს და აპირებენ, განაახლონ შეტევა ვუჰლედარზე.

უკრაინაში ომის 391-ე დღეა. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სუმის ოლქის 3 დასახლებას. ასევე, დაბომბეს ხერსონის ოლქის 2 სოფელი, დაჭრილია 3 მოქალაქე. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ქალაქი ავდიივკა, შესაძლოა მალე “მეორე ბახმუტი” გახდეს.

აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ ყირიმშიც. უკრაინული თავდაცვის ინფორმაციით, ოლქში რუსული “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები, სარკინიგზო ტრანსპორტირების დროს გაანადგურეს.

აშშ უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს. პაკეტში ძირითადად სხვადასხვა ტიპის ტყვია-წამალი და იარაღი იქნება. ნორვეგიამ კი საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს 8 გერმანული წარმოების ლეოპარდ-2 ის ტიპის ტანკი და 4 დამხმარე მანქანა მიაწოდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button