ომის 621-ე დღე უკრაინაში – საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია

სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა და 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა და ხერსონზე რუსეთის არმიის მასირებული შეტევის შედეგად, რომელიც 5 ნოემბერს, ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს მიერ დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესაში დაზიანებულია 20 მრავალბინიანი სახლი, სამხატვრო მუზეუმის შენობა და საქალაქო ინფრაქსტრუქტურა. დაიჭრა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. მინისტრის ცნობით, ხერსონში დაზიანებულია 4 მრავალსართულიანი და 2 კერძო სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ოკუპირებული ყირიმიდან და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან. უკრაინელი სამხედროების თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 4 რაკეტა: Х-31, Х59, „ონიქსი“ და „ისკანდერი“ და 22 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 15 დრონი და 1 რაკეტა Х-59.
ამასთან ოდესაში ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობა დაზიანდა – ოკუპანტებმა ოდესას 5 ნოემბერს შეუტიეს, დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი.
როგორც ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ტელეგრამზე წერს, ოდესის ხელოვნების მუზეუმს 6 ნოემბერს 124 წელი უსრულდებოდა, ხოლო ოკუპანტებმა უკრაინას ასე “მიულოცეს” ეს თარიღი. მისი თქმით, დაზიანებულია შენობის კედლები, ჩამსხვრეულია რამდენიმე მინა.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის რეგიონში რუსულმა ჯარებმა Kh-31P ტიპის რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და დაშავდა სამი თანამშრომელი. მათივე განცხადებით, აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობებიც დააზიანა.
ომის 621-ე დღე უკრაინაში – საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 7 სასაზღვრო დასახლება გასული დღე-ღამის განმავლობაში 23-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 85 აფეთქება.
დაიბომბა ხერსონის ოლქზეც. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა წარუმატებელი იერიშები განახორციელეს ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და ზაპოროჟიას მიმართულებით. მათი ცნობით, უკრაინულმა თავდაცვამ დღის განმავლობაში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოიგერია.
რუსმა ოკუპანტებმახერსონის რაიონის სოფელ ზელენივკაში საწარმო დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა კერძო სახლები და ფერმის შენობები.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.