მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 684-ე დღე უკრაინაში – ომის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა-მსოფლიო ლიდერების დახმარება გრძელდება

ომის 684-ე დღე უკრაინაში – ომის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და უკრაინა ისევ რუსული სარაკეტო ტერორის ქვეშ არის

ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბაიდენის განცხადებით, შეთანხმება ამერიკას მისცემს საშუალებას, რომ თავიდან აიცილოს მთავრობის მუშაობის შეჩერება და დაიცვას ეროვნული პრიორიტეტები.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ზედა ზღვარი 1 მთელი 6 მეათედი ტრილიონი დოლარი იქნება. ამ თანხიდან 886 მილიონი თავდაცვის ხარჯებია, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილ $300 მილიონსაც.

სენატში დემოკრატების ლიდერის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებამ არ მოახდინოს გავლენა ვეტერანების დახმარებასა და ჯანდაცვის სექტორის დაფინანსებაზე.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ.

„ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ დგას უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეს. ამიტომ ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის სასარგებლოდ თავიანთი ძალისხმევა გააძლიერონ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირს უახლოესი სამიტისთვის, ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი წელს უკრაინის დასახმარებლად.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინაში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება, რაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.

ზელენსკისთან შეხვედრისას იაპონიის პირველმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. თავის მხრივ, ზელენსკიმ გამოხატა გულწრფელი მწუხარება ყველა უკრაინელისგან იაპონიაში ბოლო დამანგრეველი მიწისძვრის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით.

„იაპონიის ხალხს შეუძლია, უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას კიევის დახმარებისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, კერძოდ, უკრაინის ეკონომიკის პოლიტიკური, ჰუმანიტარული და გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, აქტიურად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონია 19 თებერვალს, იაპონიისა და უკრაინის კონფერენციის მასპინძლობით, მტკიცედ გამოხატავს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და მხარდაჭერის მიმართ საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში იაპონიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, აქტიურად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე. ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი – ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა. უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება თქვენდამი არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, ერთად ვაწარმოოთ, ერთად გავძლიერდეთ. უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ეს გვინდა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ უკრაინაში კვლავ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებმა, სუმის ოლქზე 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს. სამიზნე 10 დასახლება გახდა. მოხდა 115 აფეთქება.

მანამდე, დრონებით შეუტიეს ქვეყნის სამხრეთით, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებს. დაიბომბა დნეპროპეტროვსკიც. სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზეც. განადგურებულია საცხოვრებელი პუნქტები. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button