ომის 690-ე დღე-მტერმა ხერსონს 28 ჭურვი ესროლა
რუსებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 20 დასახლება 146-ჯერ დაბომბეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 690-ე დღეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში ისმოდა რომელიც დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. დღის განმავლობაში 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, არსებობდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნებოდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ბოლო 24 საათში, 840 ადამიანი დაკარგეს. ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გუშინ ღამით რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 103 შეტევა განახორციელა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან. მტერმა ხერსონს 28 ჭურვი ესროლა.
რუსი სამხედროების სამიზნეს რეგიონის დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კორპუსები და პორტის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო აცხადებს, რომ გასულ 24 საათში რუსებმა რეგიონის 20 დასახლება, 146-ჯერ დაბომბეს.
მისივე ინფორმაციით, რუსების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“გასულ დღეს რუსმა სამხედროებმა 146 დარტყმა მიაყენეს 20 დასახლებულ პუნქტს (მსხვერპლის გარეშე)… მიღებულია 23 ცნობა საცხოვრებელი კორპუსების და ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურების შესახებ”, – წერს მალაშკო.
მალაშკოს ინფორმაციითვე, რუსებმა 97 საარტილერიო ჭურვი ისროლეს გულიაიპოლის, ნოვოდანილივკას, რობოტინიის, ლევადნის, ჩარივნის, ნოვოანდრიივკას, სტეფნოჰირსკის, პლავნიის, სტეფოვოის, ლობკოვის, მალი შჩერბაკის და ფრონტის ხაზის სხვა ქალაქებსა და სოფლებზე.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში “რესპუბლიკელები” უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ.
მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში “რესპუბლიკელები” საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.