ომის 725-ე დღეს 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინის არმიამ რუსეთის კიდევ ერთი გამანადგურებელი ჩამოაგდო

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი განადგურდა.
„დილა მშვიდობისა, უკრაინა! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ “წარმატებით დაბრუნდა” ბაზაზე”, – წერს ოლეშჩუკი.
ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი – ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი – გაანადგურეს. გარდა ამისა, არმიამ მოსპო თორმეტი რუსული დრონი და ფრთოსანი რაკეტა.
12 “შაჰიდის” ტიპის დრონი და ერთი Kh-59 ტიპის რაკეტა გაანადგურეს.როგორც უკრაინული მედია იუწყება, გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას 14 “შაჰიდითა” და რაკეტებით შეუტიეს.
რუსეთმა ღამით დაბომბა უკრაინის აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კრამატორსკში, სლოვიანსკში და კუპიანსკში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ. რომ 17 თებერვალს, აღმოსავლეთის მიმართულებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 725-ე დღეს, 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, 23 კი დაზიანდა.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე იერიში მიიტანეს. ცეცხლი გაუხსნეს სლავიანსკსა და კრამატორსკს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსეი კულება ავრცელებს.
მისივე ცნობით, მხოლოდ კრამატორსკში დაინგრა 2 სახლი, 20-ზე მეტი კი დაზიანდა.
“ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, მოჰყვა 4-სულიანი ოჯახი, მათ შორის ორი მოზარდია. დანგრეულია 2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 23 დაზიანებული”, – ამბობს კულება.
კრამატორსკში ღამით რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპული 23 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ.
რუსმა ოკუპანტებმა იერიში სლავიანსკის ერთ-ერთ სკოლაზეც მიიტანეს.
“სკოლის შენობაში განთავსებული იყო სოციალური სასადილო, გაიცემოდა ჰუმანიტარული დახმარება. სკოლის ნანგრევებში, შესაძლოა, ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი. სამაშველო სამუშაობი მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესიც დაწყებულია”, – ამბობს ქალაქის მერი.
ოლქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება კიდევ ერთი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ გასულ დღეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რაიონს დაარტყეს. იერიშის სამიზნე სლავიანსკი და კრამატორსკი გახდა.
პარალელურად ოკუპანტები თავს დაესხნენ სლავიანსკის სკოლას. ქალაქის მერმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ შენობაში განთავსებული იყო სოციალური სასადილო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი. მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი. ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა და ნანგრევების გაწმენდა.
უკრაინული მედიის ცნობით,17-18 თებერვალს ხერსონის ოლქში რუსული აგრესიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
“დაზუსტებულია, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა გაისროლა 131 ჭურვი არტილერიის, ნაღმმტყორცნების, საზენიტო იარაღის, ტანკებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. მტერმა ქალაქ ხერსონს 21 ჭურვი ესროლა,” – ნათქვამია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების თქმით, რუსი ოკუპანტების სამიზნეს დასახლებული პუნქტები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება და სტამბა წარმოადგენდა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
“18 თებერვალს დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, უკრაინელებმა მართვადი რაკეტა X-59-ის ჩამოგდებაც შეძლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აფეთქებები მოხდა ხარკოვსა და ხერსონში. უკრაინული მედია წერს, რომ ხერსონში თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
გუშინ, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა დაცველებმა სამი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება მოახერხეს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა დატოვეს ავდეევკა და ახალ პოზიციებზე გადაინაცლეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკვე ოფიციალურად ამცნო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, უკრაინის ქალაქ ავდეევკადან გასვლის მიზეზი საჰაერო სივრცეში რუსეთის უპირატესობა გახდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.