მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 74-ე დღე ახლო აღმოსავლეთში-ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა

ახლო აღმოსავლეთში ომის 74-ე დღეა. ღამით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა. ადგილობრივმა სამედიცინო წყაროებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა, ანკლავში ალ-ალჰის საავადმყოფო დაარბიეს.

“ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკლავში ჯაბალიას თავშესაფარში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ისრაელს ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლის დაგეგმვისკენ მოუწოდა, განიხილა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის შემცირება. თუმცა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ შტატები ისრაელს სამხედრო ოპერაციის ვადებსა და პირობებს არ კარნახობს.

ამასთან ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა.

ამის შესახებ გალანტმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციისას განაცხადა.

“შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშაობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ჩრდილოეთშია შესაძლებელი”, – აღნიშნა მან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში გუშინ ჩავიდა. მანამდე, ოსტინმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ვიზიტით სურს, დაადასტუროს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
დიდი ალბათობით, დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა ისრაელის არმიამ სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ რაფაჰზე, წერს Reuters-ი.

არსებული ცნობით, თავდასხმა მოხდა სამ შენობაზე, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ 19 დეკემბერს ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იტყობინებიან.

ათეულათასობით პალესტინელი, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები ღაზის ჩრდილოეთში იმ იმედით მიატოვეს, რომ თავდასხმებისგან თავს დაიცავდნენ, რაფაჰში, ეგვიპტის საზღვართან მივიდა, თუმცა არის საშიშროება, რომ ისინი ამ არეალშიც ვერ იქნებიან უსაფრთხოდ, წერს Reuters-ი. სააგენტო ხან-იუნისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში მძაფრი ბრძოლაა ისრაელის არმიასა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეულ დაჯგუფებას, „ჰამასს“ შორის.

ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ „ჰამასმა“ 1200 ადამიანი მოკლა და 240 მძევლად აიყვანა. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია და იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს ემსხვერპლა 18 800-ზე მეტი ადამიანი. ინტენსიური ბრძოლის შედეგად ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, ხალხს არ აქვს საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button