ომის დანაშაული- ჰესზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ
რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ომის დანაშაულად შეაფასა კახოვკის ჰესზე თავდასხმა და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ შოკირებულია ჰესზე უპრეცედენტო შეტევით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ცალსახად ომის დანაშაულია და რუსეთს და მის მიერ კონტროლირებულ პირებს პასუხს მოსთხოვენ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 6 ივნისს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრზე უკრაინის ნოვა კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურება არის „აღმაშფოთებელი“ ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ხალხს და გარემოს.
„დღეს კახოვკის კაშხლის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით სამოქალაქო პირს და იწვევს გარემოს სერიოზულ ზიანს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.
“რუსული სისასტიკის ახალი დონე” – უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა.
”კახოვკას ჰიდროელექტრო კაშხლის განადგურებით, რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღეს უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ თავდასხმას. ეს წარმოადგენს რუსეთის სისასტიკისს ახალ დონეს და შესაძლოა ეს იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, – თქვა მან.
როგორც ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, კაშხლის განადგურებამ საფრთხე შეუქმნა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის უსაფრთხოებას.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერზე“.
ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ინტენსიურად მუშაობს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის მიდამოში არსებული მდგომარეობის ზუსტი სურათის დასადგენად.
კახოვკის კაშხლის განადგურებით რუსეთმა სავარაუდოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ეს ომის საზარელი დანაშაულია.
„რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რითაც სავარაუდოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და ათასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაგდებაა“, – წერს დმიტრო კულება.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. მომხდარის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, დღეს დილით გაავრცელა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
კახოვკის ჰესის ნგრევას დაგეგმილ დივერსიას უწოდებენ კრემლში და უარყოფენ მომხდართან რუსი სამხედროების კავშირს.