ომში მყოფი პრეზიდენტი მელიტოპოლის მიმართულებაზე მებრძოლ სამხედროებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის რეგულარული საველე გასვლების დროს, ზაპოროჟიეს რეგიონში მყოფ იმ უკრაინელ სამხედროებს ესტუმრა, რომლებიც მელიტოპოლის მიმართულებით ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს.
“დღეს მელიტოპოლის მიმართულებაზე ჩვენს დამცველებთან ჩვენი სამუშაო და შეხვედრები გავაგრძელეთ.
ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში, და ამჟამად თავდასხმით ოპერაციებს აწარმოებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ბრიგადის მეთაურთან ყველაზე პრობლემური საკითხები განვიხილეთ.
მადლობა, მებრძოლებო, თქვენი სამსახურისთვის! მადლობა მტრის მოგერიებისთვისა და ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის!”, – წერს ზელენსკი.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი შეხვდა დანაყოფ „ტავრიის“ ჯარების ჯგუფის მეთაურს, ალექსანდრე ტარნავსკის და რამდენიმე დანაყოფის, მათ შორის, 47-ე და 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო მოიერიშე ძალების 46-ე საჰაერო-მობილური ბრიგადის განლაგებები და მართვის პუნქტები დაათვალიერა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა მეთაურების მოხსენებები საომარი მოქმედების მიმდინარეობის შესახებ და ბრიგადის მეთაურებთან და ბატალიონის მეთაურებთან ერთად განიხილა მათი დანაყოფების ყველაზე პრობლემური საკითხები.
სამხედროებმა უკრაინის ლიდერს რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და საფრონტო საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, კონტრიერიშში მყოფ უკრაინელი სამხედროები უფრო დიდი რაოდენობით საჭიროებენ უპილოტო საფრენ აპარატებს, რადგან ისინი სწრაფად იხარჯებიან შეტევით ოპერაციებში.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება – იერიშები იყო დნეპროპეტროვსკის, ლვოვის და ჩერკასის რაიონებში. ლვოვში რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს. დაზიანებულია შენობები.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად ლუცკში სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. დაიბომბა კრამატორსკი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
“დღეს დილიდან დონეცკის ოლქში, ჩვენი საბრძოლო ბრიგადების პოზიციებზე ვიყავი. ვესაუბრე მათ ფრონტის საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია უშუალოდ მეომრებთან ომის გამოცდილების შესახებ საუბარი. დღეს ჩვენ გვქონდა დეტალური, გულწრფელი საუბრები. ვისაუბრეთ ჩვენს შეტევაზე, ჯარზე, მეთაურების შესაძლებლობებზე, დაჭრილების ევაკუაციაზე და გადაყვანის დროზე.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სისტემის ყველა თანამდებობის პირმა სწორად აღიქვას სიტუაცია, რომელიც არის ფრონტის ხაზზე. თვითმფრინავები სახარჯო მასალაა და უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ჩვენს მეომრებს ჭირდებათ. ამ სფეროში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ნაადრევია იმის თქმა, რომ საკმარისს ვაკეთებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს ახალი საბრძოლო მასალებისთვის. მადლობა ყველას ვინც მუდმივად გვეხმარება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი გუშინ დონეცკის ოლქში იმყოფებოდა.