ომში მყოფი ქვეყანას მხარდაჭერა კვლავ გრძელდება

ევროკავშირი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის კიდევ 55 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა გააკეთა.
როგორც ლენარჩიჩმა განმარტა, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ახალი დაფინანსება მომავალი ზამთრისთვის მომზადებას მოხმარდება.
“ჩვენ ვზრდით ევროკავშირის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის კიდევ 55 მილიონი ევროთი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ ზამთრის მკაცრ და ცივ თვეებში დამატებითი გამოწვევებისთვის”, – განაცხადა ევროკომისარმა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირმა უკრაინას უკვე 145 მილიონი ევრო გამოუყო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან კი ეს თანხა 685 მილიონ ევროს მიაღწია.
გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აშშ-ის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ სულ მალე, მომავალ კვირებში დაიწყებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას Abrams-ის ტიპის ტანკების მართვის და მოხმარების ასათვისებლად.
წვრთნა შედგება გერმანიაში, გრიფენვიორის სამხედრო ბაზაზე და გასტანს 10 თვეს. აშშ აპირებს ბაზაზე 31 Abrams-ი ჩაიტანოს. Associated Press-ი აზუსტებს, რომ წვრთნისთვის არ გამოიყენებენ იმ Abrams-ებს, რომლებიც შემდეგ ფრონტზე წავა, უკრაინისთვის გადასაცემად გამიზნული ტანკებს ახლა საბოლოოდ აკომპლექტებენ აშშ-ში, რათა უკრაინის პირობებს მოარგონ.
ტანკის გადაკეთება და უკრაინელი სამხედროების მომზადება ერთდროულად ხდება, რათა იმ დროისთვის, როცა Abrams-ები უკრაინას გადაეცემა, ტანკისტებიც მზად იყვნენ ბრძოლის ველზე მათ გასაყვანად.
სულ მოამზადებენ 250 უკრაინელ სამხედროს, როგორც ტანკისტებს, ასევე მექანიკოსებს. ომის დაწყების შემდეგ პენტაგონის შემწეობით მომზადდა 8800 უკრაინელი სამხედრო, ახლა იწვრთნება 2500. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა რამშტაინის ბაზაზე იმართება 21 აპრილს.
ეს არის უკრაინის მხარდამჭერთა ასეთი მე-11 შეხვედრა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დაეხმარება „იმდენად, რამდენიც საჭირო იქნება“.
უკრაინა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემაში გაწევრიანდა. შესაბამის შეთანხმებას ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სისტემა საერთაშორისო კოორდინირებული გადაუდებელი დახმარების გაწევისთვის. ის მოიცავს სხვადასხვა რესურსებსა და დახმარების ფორმებს 28 წევრი სახელმწიფოსგან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემაში გაწევრიანება უკრაინას საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს ევროკავშირის ყველა ინსტრუმენტი და პროგრამა, რათა განავითაროს თავისი ეროვნული სამოქალაქო დაცვის სისტემა და მოიზიდოს დახმარება.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში 70 000 ტონაზე მეტი დახმარება მიიღო, დაწყებული საკვებიდან დამთავრებული სპეციალური ტექნიკით.
უკრაინამ საგზაო რუკა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში ოფიციალურად გაწევრიანების მიზნით 2022 წლის შემოდგომაზე მიიღო. დოკუმენტი ასახავდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ოფიციალურ კიევს უნდა გადაედგა, სანამ სისტემის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.
გარდა ამისა, ახალ ე.წ. დაძმობილ ქალაქებს შორის 10-ზე მეტი შეთანხმება იქნა მიღებული, ასევე თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები და შემდგომი თანამშრომლობის გეგმები რიგ ორგანიზაციებთან ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში და აშშ-ში. ღონისძიების ფარგლებში მიღებულ იქნა ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის დეკლარაცია.
ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტი წარმოადგენს უკრაინის და უცხოეთის მუნიციპალიტეტების დონეზე პარტნიორობის, ურთიერთქმედების და თანამშრომლობის გაღრმავების პლატფორმას. მისი მიზანია პირდაპირი საერთაშორისო კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებისა და თემების ლიდერებსა და წარმომადგენლებს შორის; იდეების, პოტენციური ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
29 მილიონს ომში მყოფ ქვეყანას კანადა გამოუყოფს. თანხა საწვავს და სნაიპერული შაშხანების შეძენას მოხმარდება. კიევის მხარდაჭერას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატები.
უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი არ არის ფინეთი, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მდივანი ამბობს, რომ ევროპა არ უნდა აღმოჩნდეს მარაგების დეფიციტის წინაშე.