ოფიციალური ერევანი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ოფიციალური ერევანი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს განცხადება ფაშინიანმა CNN Prima News-სთან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მაშინ როდესაც დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, თავად რუსეთი სხვა აზრზეა.
ფაშინიანის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური ერევანი “არავის მოკავშირე არ არის ამ სიტუაციაში და შესაბამისად დაუცველია”.
“ამის შესახებ ხმამაღლად არასდროს თქმულა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანს: უკრაინასთან ომში ჩვენ რუსეთის მოკავშირე არ ვართ. და ჩვენი ემოცია ამ ომთან, ამ კომპლექტთან დაკავშირებით – შეშფოთებაა, რადგან ეს ყველაფერი უშუალოდ მოქმედებს ჩვენს ყველას ურთიერთობებზე.
არის განცდა, რომ ლავირების საშუალება არსებობს, თუმცა რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო მცირდება ლავირების საშუალება. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ არ გვაქვს საკუთარი აზრი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი [პირადი] საფიქრალი გვაქვს, რაც არ გვაძლევს საშუალებას სხვა არსებულ პრობლემებში ჩავერთოთ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშიანიანი გუშინ აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად კიშინოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ რომ ზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიშინიოვში მას შემდეგ გააკეთა, რაც დასრულდა ხუთმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიანი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
“ჩვენ განვიხილეთ საზღვრების დელიმიტაცია და სამშვიდობო შეთანხმება. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შემდეგი შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ბრიუსელში გაიმართება 21 ივლისს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაჟინებით ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ“ – განაცხადა შარლ მიშელმა.