მნიშვნელოვანირეგიონი

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში უკვე 3 თვეზე მეტია გრძელდება

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში უკვე 3 თვეზე მეტია გრძელდება
5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსი სამხედროების იერიშებს დონეცკში. მსხვერპლია ლისიჩანსკშიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა დონბასში ოკუპანტების 12 თავდასხმა მოიგერიეს.

დონეცკში მძიმე სიტუაციაა. ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მიმდებარედაც, ოკუპანტები ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. დაბომბვები საშინელ ზიანს აყენებს ქალაქში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას. ბევრი თავს ბნელ სარდაფს აფარებს.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ადგილობრივების ნაწილი ქალაქს და საკუთარ სახლებს არ ტოვებს.

უკვე ოკუპირებულ მარიუპოლს კი, დამპყრობელი ცხედრებისგან ასუფთავებს. დღეს ზღვისპირა ქალაქში აგრესორის მიერ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი 70-მდე ადამიანი იპოვეს. რუსმა სამხედროებმა ცხედრები იდენტიფიცირების გარეშე საერთო საფლავში დაკრძალეს.

ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა, ოფიციალურ კიევს კი, საბრძოლველად მეტი იარაღი სჭირდება. მტრის უწყევეტი თავდასხმების ფონზე უკრაინა კვლავ დახმარებას ითხოვს.

უკრაინის თხოვნის პარალელურად, ოფიციალური მოსკოვი კიდევ ერთ მუქარას აჟღერებს. პუტინის რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება სიტუაციის დაძაბვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებითაც. იზიუმის ტერიტორია არის ერთ-ერთი წერტილი, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამ შემთხვევაში პოზიციებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ და მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის გამო მსოფლიოში შესაძლოა ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზარდოს.

“რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები ემზადებიან იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი. თუ რუსეთი მიმართავს ბირთვულ შანტაჟს, მაშინ სხვადასხვა ძალებს მსოფლიოში შეიძლება მოეჩვენოს ლოგიკურად ასევე შეიძინონ ბირთვული იარაღი. იმის თქმა, რომ ეს საფრთხის შემცველია მთელი მსოფლიოსთვის – არაფრის თქმის ტოლფასია”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით კი ოკუპანტები ყირიმის მოსახლეობას აიძულებენ დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლი ჩააბარონ.

“სისტემატურად ვიღებ ინფორმაციას დაჭრილი რუსი სამხედროების შესახებ საავადმყოფოებში. დროებით ოკუპირებულ კუნძულზე სამედიცინო დაწესებულებები ვერ უმკლავდებიან ასეთ დატვირთვას, კატასტროფულად აკლიათ სისხლი. ამის გამო კომპანიები აიძულებენ თანამშრომლებს სისხლი ჩააბარონ. ექიმები ითხოვენ სისხლის მარაგების გაზრდას, რომ ეყოს 1500 რეციპიენტს. ასევე შეჩერდა უფასო სამედიცინო დახმარება”, – ამბობს დენისოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button