მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. შესაბამისი განცხადება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.სწორედ აქციაზე გახდება ცობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც. ანა დოლიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება.

ანა დოლიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლა და ამ მხრივ, ოპოზიციური გაერთიანებები მუშაობენ მტკიცებულებებზე, რომელიც საჭირო იქნება საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად.

“თქვენს წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მმართოს ქვეყანა და შეიყვანოს ევროკავშირში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღვნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ და ჩვენ გაერთიანებებში იმისთვის, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სამხილები და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული. თუ ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე, ახლა ვსაუბრობთ სისტემურ, ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაზე – არჩევნების მიტაცებაზე.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევქმენით რამდენიმე სამუშაო მიმართულება, ეს ყველაფერი განხორციელდება აქ, შტაბში, რომლის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება და საქართველოს დარჩენა რუსეთის გავლენის ქვეშ და დარჩენა, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ერთეულისა.

ამ მიზნით მუდმივ კომუნიკაციას ვაწარმოებთ თქვენთან, მოსახლეობასთან იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ თქვენ ხართ გაბრაზებული იმაზე, რაც მოხდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჭინკას გაატანოს ის არჩევანი, რაც არის ჩვენი ყველას ისტორიული არჩევანი და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი.

ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად იქნება გამოვლენილი და ჩვენს მიერ აშენებული დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დასჯილი.

ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს – ჩვენი ხალხის დევნა, გამოძევება, მუქარა, შანტაჟი, საარჩევნო უბნებიდან გაყვანა და დაბულინგება – ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხანდაზმულობა ამ დანაშაულს აქვს ბევრი წელი და თქვენ გაქვთ ძალიან პატარა ფანჯარა იმისთვის, რომ ჩაეხსნათ იმ კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ “ჩვენი ვალია ქუჩაში გავიდეთ და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე”. მისივე თქმით, ქუჩა გეგმის ცენტრალური მიმართულება იქნება.

“ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს, მტერი – რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება ხალხს წაართვას, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ის დავიბრუნოთ. როდესაც ამ ჯგუფის მიერ ხდება კონსტიტუციური გადატრიალება, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანასა და მომავალზე. შესაბამისად, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცენტრალური მიმართულება. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვისა და მომავლისთვის”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია აგრძელებს საქართაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

“ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან 3, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას. ეს არის რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა და, თავისთავად, მხოლოდ ესეც კი ცხადად მეტყველებს რა გზას დაადგა ივანიშვილი. ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ”, – თქვა ბოკუჩავამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამი ოპოზიციური გაერთიანების: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button