მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია არ არის ერთიანი და თავად პარტიების შიგნითაა განხეთქილება-ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნებისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი და უფრო მეტიც – თავად პარტიების შიგნითაა განხეთქილება.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.
“რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად ჩვენი ქვეყნისთვის, დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს არის მორიგი ტესტი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები, რასაც კიდევ ერთხელ მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ, “ნაცმოძრაობამ”, ეს არის მათი საქმე, მაგრამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს მათ სახეს. ოპოზიცია არის გახლეჩილი, ოპოზიცია პარტიების შიგნითაც კი არის გახლეჩილი, პარტიების შიგნით აქვთ პრობლემები. “ნაცმოძრაობა” იცით რომ მარტივ მამრავლებად არის დაყოფილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება მათ საერთო მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ მოხდა იმის ლუსტრაცია, თუ ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მიერ და ვის არ სურს. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში არსებული განხეთქილებაც კიდევ ერთხელ გახდა ნათელი დღევანდელი სხდომის შემდეგ. იმ დეპუტატებმა ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის დატოვებას ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟად მიიჩნევს. წილოსანი მომხდარს “ფეისბუქზე” ეხმიანება :
“ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს, ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას.
დავით უსუფაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსენსუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსენსუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად.
დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას,” – წერს წილოსანი.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მიმდინარეობისას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი.
მდინარაძის თქმით, სხვა კოლეგებზე ზემოქმედების მოხდენა, მათთვის კენჭისყრაში მონაწილეობის დაშლა და დარბაზის დატოვების დაძალება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მახასიათებლებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებით ნათელი გახდა, თუ ვინ არის ევროპული გზის წინააღმდეგი და ვინ უშლის ხელს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესრულებას.
“წარმოუდგენელი ამბავია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგე – ეს არის “ნაცური” მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ და ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. თავის დროზე, ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ.
გთხოვთ, ახლა შევაჩეროთ კენჭისყრა. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე მიღებულია, ევრორეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმული დიდი ნაბიჯია. ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად რა ხდება, ვინ არის ევროპული გზის მომხრე და ვინ მიდის აშკარად, ასე თავხედურად ამ ყველაფრის წინააღმდეგ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე სამი წევრი აირჩია. ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო, კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ხელახალი კენჭისყრის დროს ოპოზიცია მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო კანდიდატებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესი ხანგრძლივი იყო. ჩატარდა კონკურსი, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა, გაიარეს გასაუბრებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელიც იყო საჯარო, ყველა მონაწილეობდა. ასე რომ, არა მხოლოდ პარლამენტის წევრებმა, არამედ საზოგადოებამაც ნახა, ვინ იყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები. ჩვენ რამდენიმე თვე ველოდებოდით ოპოზიციისგან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რათა აგვერჩია კანდიდატები. რამდენჯერმე გადაიდო კენჭისყრა. ამ დღეებში განვაცხადეთ, რომ საჭირო იყო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და კარგია, რომ უკვე შევძელით სამი კანდიდატის არჩევა. ორი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, მეორე ტურში ოთხი კანდიდატია. იმედი მაქვს, რომ ხვალ უკვე ამასთან დაკავშირებით ჩატარდება კენჭისყრა. ვიმედოვნებ, ოპოზიცია ამ შემთხვევაში გამოიჩენს მეტ პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო კანდიდატს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული არიან პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში. მისივე განმარტებით, „მიმართავს დონორ ორგანიზაციებს, დააფიქსირონ პოზიცია, როგორ ხედავენ საკითხს, როცა მათ მიერ გადახდილი ფული ხმარდება დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის რეპუტაციის შელახვასა და დეპუტატებზე ზეწოლას“.

„კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, ვერ იქნება ცნობილი, ვინ მისცა ხმა ამა თუ იმ კანდიდატს, თუმცა საინტერესო იყო რეაქცია. ფაქტობრივად, ღიად დავინახეთ ის, რაზეც იყო საუბარი ომბუდსმენის არჩევის დროს, რაც გააკეთა ოპოზიციამ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პირდაპირ დაიწყეს ზეწოლა, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, რათა მათ თავიანთი გადაწყვეტილებებით კი არ ეყარათ კენჭი ამა თუ იმ კანდიდატისთვის, არამედ დამორჩილებოდნენ სხვის დიქტატს – ესაა ყველაზე სამწუხარო. პირდაპირ გამოჩნდა სახელებით და სახეებით, დავინახეთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ზეწოლას ახდენდნენ ომბუდსმენის არჩევის პროცესზე, რათა ჩაშლილიყო და დღეს მათ თავიანთი სახე გამოავლინეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, საბოლოო ჯამში, მათ აინტერესებთ ერთადერთი შედეგი, რომ ჩავარდეს ასეთი სახის კენჭისყრები, მათ შორის ჩავარდეს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა და პარლამენტმა ვერ შეძლოს ამ რეკომენდაციების შესრულება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში. ახლა მნიშვნელოვანია იმ დონორების პოზიციები, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს. ფაქტობრივად, ამ დონორების მონაწილეობაა ზუსტად, რომ პარლამენტის წევრებზე ხდება ზეწოლა. მათთან მქონდა საუბარი, როცა სახალხო დამცველი ავირჩიეთ და სახალხო დამცველმა მაშინ პირდაპირ განაცხადა, რომ პარლამენტის სამ წევრზე იყო ზეწოლა, მათ შორის „ენჯეოების“ მხრიდან. დონორებს ვუთხარი, დაინტერესებულიყვნენ, შემთხვევით ხომ არ არიან მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ამ ზეწოლაში ჩართული. უკვე დღესაც ვნახეთ, ვინ არიან ეს ორგანიზაციები. ახლა მნიშვნელოვანია, დონორები დაინტერესდნენ, სად მიდის მათი გადასახდელების გადამხდელების ფული – რატომ ხმარდება ეს ფული იმას, რომ ვიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზეწოლა განახორციელოს ხალხის მანდატის მქონე პარლამენტის წევრზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მივმართავ დონორ ორგანიზაციებს, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, როგორ ხედავენ ისინი ამ საკითხს, როცა მათ მიერ გადახდილი ფული ხმარდება დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის რეპუტაციის შელახვასა და საქართველოს ხალხის მანდატით აღჭურვილ დეპუტატებზე ზეწოლას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.
აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. პარლამენტს მის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასარჩევად სულ 31 კანდიდატი წარედგინა, მათგან 2-მა – ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს. თითოეულ კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია საერთო მხარდაჭერის მქონე კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყო. “ქართული ოცნების” უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button