ანალიტიკამსოფლიოსაქართველოსიახლეები

შესაძლებლობა განვითარებადი ქვეყნებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, ამერიკული კომპანიების მიერ ჩინეთის ბაზრის დატოვების ტენდენციას ახალი სიცოცხლე COVID-19-ის პანდემიამ შესძინა. ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების გამო, აღნიშნული პროცესი დაჩქარდა და უფრო დიდი მასშტაბიც მიიღო. 2020 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ჩინეთის ინდუსტრიული წარმოება 13.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ექსპორტის კლებამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა.

დღევანდელი მოცემულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სამი ათეული წლის წინ არსებული მდგომარეობისგან. მაშინ მწარმოებლებმა თავიანთი საქმიანობა ჩინეთში ერთადერთი მიზეზის გამო გადაიტანეს, ეს გახლდათ დაბალი დანახარჯები. თუმცა დღეს ბევრი მსხვილი ინვესტორის რუკაზე, ჩინეთი მათი საინვესტიციო რესურსებისთვის ცალსახა დანიშნულების ადგილს აღარ წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებულმა სავაჭრო ომმა მოცემულობას ახალი ცვლადი – რისკი დაამატა. რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს ფაქტორი დღეს წინა პლანზეა წამოწეული. საიმპორტო ტარიფებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთში წარმოებული საქონლის შეტანის სხვა შეფერხების საფრთხის გამო, რისკი გაზრდილია. აღნიშნული, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთში წარმოების პროცესის გაგრძელების საკითხზე დაფიქრებისკენ უბიძგებს. ამ ყველაფერს 2020 წლის დასაწყისიდან დაემატა COVID-19-ის პანდემია, რომელიც კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს წარმოადგენს და მოითხოვს სისტემური შოკის შედეგების განჭვრეტასა და შექმნილ ვითარებასთან ადაპტაციას.

ბევრი ქვეყნისთვის, COVID-19-ის პანდემია საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ამავდროეულად, ახალ შესაძლებლობასაც წარმოშობს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბიზნესებს აქვთ საქმიანობის დივერსიფიკაციის სურვილი და ამ ვითარებაში, განვითარებადი სამყაროსთვის ისტორიული შანსი ჩნდება, რომელიც შესაძლოა, ათწლეულების მანძლზე ერთადერთი იყოს. გარდა იმისა, რომ ბევრი ამერიკული ან ევროპული წარმოება შეიძლება საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდეს, ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, ინდოეთი და მექსიკა. ელექტრო მოწყობილობების, სამედიცინო ტექნიკის, ტექსტილის და სხვა სექტორების რამდენიმე ასეული წარმომადგენელი კომპანია უკვე წარმართავს მოლაპარაკებებს ინდოეთთან. ქვეყანა გეგმავს მსხვილი კამპანიის დაწყებას, სლოგანით “აწარმოე ინდოეთში“. აღნიშნულ საქმეში ინდოეთის კონკურენტებს ვიეტნამი, მალაიზია, ფილიპინები და ინდონეზია წარმოადგენენ, რომლებიც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე აქტიურობენ. ამ ქვეყნებში ინტენსიურად დაიწყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარება. ვიეტნამი ერთ-ერთი ახალი დანიშნულების ადგილია ჩინეთიდან გადასული ბიზნესებისთვის, რადგან იგი აზიის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და აზიისა და ევროპის ქვეყნებთან უპირატეს სავაჭრო რეჟიმებზე წვდომის შესაძლებლობებს იძლევა.

ბუნებაზე მიყენებული ზარალის შემცირების კუთხით, ჩინეთში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება და მკაცრდება გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომები. ამას ემატება ჩინეთში სამუშაო ძალის გაძვირების ფაქტი. 2019 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩინეთში სამუშაო ძალის ფასი 1.5 აშშ დოლარით გაიზარდა და საშუალოდ, საათში 6.5 აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ვიეტნამში არსებულ ანალოგიურ მონაცემს. აღნიშნული ფაქტორები წარმოების პროცესს აძვირებს. შედეგად, ვიეტნამმა ფაქტიურად, ჩინეთიდან გასული დაბალბიუჯეტიანი წარმოებების სრული აბსორბცია მოახდინა. მაგალითად, ნაიკის დაბალი ღირებულების წარმოების ხაზი ჩინეთიდან სრულად გადავიდა ვიეტნამში.

შექმნილ ვითარებაში, თავისი წილი ეკონომიკური სარგებლის მიღებას საქართველოც უნდა ეცადოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რთულია ვისაუბროთ საქართველოში წარმოებების მასიურად გადმოტანის პერსპექტვაზე. მაგრამ მიზნობრივი მიმართულებებით მუშაობის შემთხვევაში, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვაცაა შესაძლებელი.

რომ შევაჯამოთ, ერთი რამ ცხადად გამოჩნდა: გაზრდილი ხელფასები, გამკაცრებული გარემოსდაცვითი მიდგომები, სავაჭრო ომები და ახალი კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს ფაქტორთა კრებულს, რომელმაც ცხადი გახადა მიწოდების ჯაჭვის კონცენტრირებულობის პრობლემა და მსოფლიოს დამოკიდებულება ჩინეთში განთავსებულ წარმოებებზე. შესაბამისად, რა განვითარებაც არ უნდა ქონდეს შექმნილ მდგომარეობას, სულ ცოტა, უნდა ველოდოთ, რომ კომპანიები რისკების დივერსიფიცირებას ეცდებიან და აღარ კონცენტრირდებიან მხოლოდ ერთი წარმოების ადგილზე, როგორც ეს თავის დროზე, დაბალი ხარჯების ფაქტორის გამო, ჩინეთში გააკეთეს. მაგრამ თუ აქამდე ჩინეთში წარმოების გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი ფაქტორი მხოლოდ დანახარჯები იყო, დღეს აღნიშნულს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომისა და COVID-19-ის პანდემიის ფაქტორები დაემატა და მწარმოებლებს, ამ კუთხით რისკის დივერსიფიცირების საჭიროება დაანახა. სწორედ ამიტომ, განვითარებადი სამყაროსთვის კარგი შესაძლებლობა დადგა და ახლა მთავარია, რომელი ქვეყანა შეძლებს სწორი სტრატეგიით აღნიშნული შესაძლებლობის წარმატებით გამოყენებას.

წყარო: ფორბსი

მსგავსი პოსტები

Back to top button