მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია არჩევნებისთავის ემზადება მაგრამ კვლავ გაურკვეველია ვინ მიიღებს მიონაწილეობას

5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში.

“ნაციონალური მოძრაობის” გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია.

პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება.
“ლელო – ძლიერი საქართველო” მუდმივად არის ფორმაში და მზადყოფნაში არჩევნებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
ცხადია, ხუთი თვით ადრე არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” თამაშში შესვლას და საუბარს თვითმმართველობის არჩევნებზე”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

“საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება.

“ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ანუ რაიმე სახით მიპარვით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის ვიძახდით, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით.

ჩვენზე არ მოქმედებს არც “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკა, არც “ქართული ოცნების” მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად. მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება ქვეყანაში, რადგან არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს – ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ორი საკითხის გარშემო ერთიანდებიან – პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღდგენა.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის აცხადებდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, გარდა იმისა, რომ არსებობს კოორდინაცია ორ საკითხზე, ესენია პატიმართა მდგომარეობა და მათი უპირობო გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით ევროპული მომავლის აღდგენა. ამის მიღმა, ოპოზიციურ ფლანგში არის ძალიან ბევრი ფასეულობითი განსხვავება, მათ შორის ჩვენი და სხვა პარტიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა წავართვათ ივანიშვილს ფული და ძალაუფლება. ჩვენ მივყვებით ჩვენს მკაფიო დღის წესრიგს და ვცდილობთ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აღდგეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ხვედელიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ამომრჩევლისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთას წარმოადგენს.

„ჩვენ კოალიციურ ფორმატს არ განვიხილავთ და არ ვიქნებით მისი ნაწილი. ჩვენთვის ყოველთვის წითელი ხაზი იყო ნებისმიერ ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის კოალიციაზე საუბარი. ეს არის წითელი ხაზი ჩვენი ამომრჩევლისთვისაც და მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მათთან.

პატიმრების გათავისუფლებასა და ჩვენი ევროპული მომავლის გამოცოცხლებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კოორდინაცია გვაქვს სხვა პარტიებთან“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ჩვენ ერთიანობას მუდმივად ვლობირებდით. როდესაც ჩაინიშნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ისეთ შედეგს, რომ ყველას მოუწევს დალაგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, მათ შორის, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში კოორდინაციის პრობლემა არ არის.

„აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რადგან ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. გასაგებია, რომ ყველა პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორიენტირების ნაცვლად, სჯობს, ისევ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლონ. საბოლოო ჯამში, მათაც მოუწევთ პოლიტიკური მოცემულობის აღქმა, გაანალიზება, რომ თუ სურთ, ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ სისტემის დემონტაჟის შემდეგ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან““, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button