მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია და ოცნება 2008 წლის ომის დაწყების თარიღზე კვლავ კამათობენ

ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველოში დაწყებული იყო 7 აგვისტოს -ოპოზიცია

2008 წლის მოვლენებზე საუბრისას, პოლიტიკური ურთიერთბრალდებები არ წყდება. მაშინ, როდესაც სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულზე საუბრობს და ომის გამოძიების პირობას დებს, ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” რუსული ნარატივის გამეორებაში ადანაშაულებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის “ერთიანობა” ერთ-ერთი წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა ხაზს უსვამს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის მსოფლიოში უმაღლესი სამართლებრივი ტრიბუნალი, დაადგინა, რომ სამხედრო მოქმედებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საქართველოში დაწყებული იყო 6-ში, 7-ში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ ის არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა”, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია ამბობს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს.
“ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია, სასამართლომ, რეზოლუციებმა, ყველამ თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ამიტომ, ეს არის ფაქტი,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოვიძიოთ – ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არაფერი უშლიდა ხელს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რაიმე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გამოეძიებინა.
რაქვიაშვილის შეფასებით, ადგილი აქვს აზრს მოკლებულ და არგუმენტებისაგან დაცლილ წინასაარჩევნო სპეკულაციას.
„პირველ რიგში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს სათქმელი და 16 წლის წინანდელ ისტორიებს თუ 9-წლიან მმართველობას უბრუნდება. ის არჩევნებზე გასვლას ისევ „ნაცებზე” ლაპარაკით აპირებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ქართულ ოცნებას” არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს ან ადრე გამოეძიებინა – მის ხელშია სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი.
სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ღალატობდნენ ქვეყანას, რადგან ხედავდნენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაღაც საშინელებები ჩაიდინა და არ გამოიძიეს.
ეს ყველაფერი წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი.
„რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა – ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც ჩვენთვის იყო უაღრესად პრინციპული გამარჯვება და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ეს პროცესები მოიგო საქართველომ და მოიგო ქართულმა ჯარმა. კერძოდ ჰააგაში და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული. ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით.
რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, კერძოდ „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად ამ საკითხის გარშემო წარმართა. ის ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს ის, რომ თავად დაიწყეს ომი, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის დადგენა. ვნახოთ, რას დაადგენს.
„ნაცმოძრაობის“ გზავნილები და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ემთხვევა ერთმანეთს. ორივემ თქვა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ, თურმე, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არაფერი აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი.
“არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ, თურმე, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ამ თარიღის აღნიშვნა გრძელდება ახლაც ასე. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.

უხერხულია, როცა გმირი ჯარისკაცების საფლავთან ვდგავართ და ვსაუბრობთ თარიღთან დაკავშირებით მაშინ, როცა წინა ხელისუფლება, 2013 წლის ჩათვლით, 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს, დღეს რა შეიცვალა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები მიმართული არის შემდეგი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად მოახდინონ მთავარი აქცენტის გადატანა.
„შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოში დაიცვა ბოლომდე, უკომპრომისოდ ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესები. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველა სასამართლო მოვიგეთ პირწმინდად. მინდა, ჯერ კიდევ ამ უპასუხისმგებლო ოპონენტებს მივმართო, რომლებიც ბედავენ, ის ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი ამ უბედურების და ტრაგედიის, ბედავენ თარიღთან დაკავშირებით მანიპულაციებს და სპეკულაციებს. რუსეთის ფედერაციამ 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია. არცერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში აღარ იყო 2007 წელს. როგორ მოახერხა ამ უგუნურმა და გამყიდველმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით? როცა შენ ხარ ხელისუფლება, როცა შენ გაქვს ძალა იმისა, რომ ეს ყველა რისკი გათვალო შესაბამისად, შენს ხალხს აარიდო, ომი იქნება თუ ნებისმიერი ესკალაცია, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7-ის ნაცვლად, 8 აგვისტო მოიხსენია – 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავს, “ოცნების” ხელისუფლებისა და ოფიციალური მოსკოვის გარდა, ყველა დანარჩენი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება 7 აგვისტოს გამოეხმაურა.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი ხელისუფლება ომის წლისთავს ყოველთვის 8 აგვისტოს ეხმაურებოდა, გამონაკლისს სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა – დიპლომატიური უწყება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც წესი, 7 აგვისტოს ავრცელებდა 2024 წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button