ოპოზიცია დმანისში აქციას მართავს
ოპოზიცია დმანისში 21 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გასაპროტესტებლად აქციას მართავს. დმანისში იმყოფებიან პარტიების ლიდერები : ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა), ელენე ხოშტარია (დროა) და კახა ოქრიაშვილი (პროგრესი და თავისუფლება)
“რაც თქვენ გადაიტანეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც თქვენ უძლებთ, მხოლოდ ამიტომ ხართ ძალიან მაგარი საქართველოს მოქალაქეები და მეამაყება, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობთ ამ ქვეყანაში.
უძლებთ ძალადობას, ხანჯლების ქნევას, დაჭრას, იარაღიდან გასროლებს, მაგრამ მაინც ვერ გაგტეხეს და ვერასდროს ვერ გაგტეხავენ. მთელმა საქართველომ გაიგო რა მაგარი ადამიანები ცხოვრობთ დმანისში”, – განაცხადა მელიამ სიტყვით მიმართვის დროს.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრისთვის დაკავებული დავით დაუთაშვილი, „ქართული ოცნების“ დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.
მედიასთან საუბარში მიხელ დაუთაშვილი ამბობს, რომ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა, რათა მომხდარზე პასუხი აგოს, ამასთან განმარტავს, რომ დავით დაუთაშვილი მომხდარის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.
“ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.