ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი გუნდიდან მიპატიჟებას ელის

ოპოზიცია დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს თუმცა მმართველი გუნდიდან მიპატიჟებას ელის. პარტიების ლიდერები აღნიშნავენ იმასაც,რომ შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის მიუღებელია.
პარტია „ლელოში“ მიაჩნიათ რომ „ქართული ოცნება“ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად მზად არაა
“ქართული ოცნება არ არის მზად შეთანხმდეს იმ მთავარ საკითხზე, რისთვისაც დაიწყო ბოიკოტი, რისთვისაც მოლაპარაკებები დავიწყეთ, ეს არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად როდესაც ქართული ოცნება მზად იქნება ამ საკითხზე შესათანხმებლად ოპოზიცია დაუყოვნებლივ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი 4 მთავარი საკითხიდან ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტულად რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს:
” მზად ვართ, რომ თუნდაც ხვალ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ მივიდეთ მე-5 რაუნდზე არა იმიტომ, რომ მე-6 რაუნდის თარიღზე შევთანხმდეთ, არამედ რეალურად წინ წავწიოთ მოლაპარაკების პროცესი და რეალურ შეთანხმებამდე მივიდეთ. არის 4 ძალიან კონკრეტული საკითხი, იმ 4 საკითხიდან ძალიან პრიორიტეტული ეს არის – პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. რიგგარეშე არჩევნები იქნება – კარგია, არ იქნება – ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ უბედურებას,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
როდის გაიმართება ან შედგება თუ არა საერთოდ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ამ დრომდე გაურკვეველია.
შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.