ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს რუსეთის დავალებას უწოდებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს “თამაშს” უწოდებს და აცხადებს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილს ზურაბიშვილის ირგვლივ ახალი პროექტის შექმნა სურს.
მისი თქმით, როცა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ზურაბიშვილს “მიეწერება”, რითაც ქართული ოცნების დამფუძნებელი რუსეთის თვალში “პასუხისმგებლობას მოიშორებს”.
“ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის “გარშემო აქტიურ” მონაწილეობას იღებს, ან სულელია, ან თავს ისულელებს. ამ ეტაპზე “იმპიჩმენტის” მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა “იმპიჩმენტი” ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ევროკავშირს მართლაც გადაწყვეტილი აქვს გარკვეული დათქმებით სტატუსის მინიჭება და ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს. მომავალ არჩევნებში ოცნება რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს, ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას.
ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია, მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ “პიჯაკების საქმეზე” საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით “საიდუმლოს” არ მოხსნაზე.
ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს. ეს არ ეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმას და რამდენიმე სხვა გამონაკლისს”, – წერს ის.
პრეზიდენტის მოწოდებაში საუბარია, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს რისკები, რათა არავის წაუცდეს ხელი და არ დააჭიროს იმპიჩმენტის ღილაკს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 100 ხმას ვერ შეაგროვებს და შესაბამისად, იმპიჩმენტი ვერ შედგება.
„ისეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს, რაც საზოგადოებაში არის ხოლმე. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ 100 ხმას ვერ მოაგროვებს და იმპიჩმენტს ვერ განახორციელებს. ყოველთვის არსებობს გამონაკლისები და სიურპრიზები, მაგრამ 12 ხმის მოგროვება შეუძლებელია. ეს არის მოწოდება რისკების თავიდან აცილებისთვის და თუ ეს ამისთვის არის, შევუერთდები. ეს თუ არის მოწოდება სანახაობისთვის, ბუნებრივია, ეს არაფერს ნიშნავს. თუმცა, არ მგონია, მთავარი მიზანი იყოს, რომ ის წარმოჩინდეს მარტო პრორუსი დეპუტატების წინაშე. რისკები დაზღვეული უნდა იყოს. ბოლომდე რომ დაზღვეული ვიყოთ ყველაფრისგან, უმჯობესია, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ. საერთოდ არ შევალთ, თუ რეგისტრაციას არ გავივლით, ამაზე ვიმსჯელებთ. ვინმე თუ იტყვის, რომ მისი თავის სჯერა, ეს მისი ნებაა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება ზოგიერთებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საბაბი გახდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები, როსტომ და ნატო ჩხეიძეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე დასწრებას ამ ეტაპზე არ აპირებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.
„ჩემთვის მიუღებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს არის შემთხვევა, როცა კონსტიტუციის დამრღვევები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან. ამიტომ, არ შეიძლება, ამის მომხრე ვიყო. რაკი პრეზიდენტმა ისურვა, რომ გარეთ იყოს ოპოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არასწორი ქმედებაა, მაშინ მეც ამას გავითვალისწინებ. შეიძლება, მან გადაწყვეტილება შეცვალოს, თქვას, რომ დაესწროს ოპოზიცია და ასე გამოხატოს თავისი აზრი – მაშინ ვითარების მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას აზრის გამოთქმა მნიშვნელოვანია, თუმცა კენჭისყრის პროცესში დარბაზში არ იქნება.
„ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა ხვალ დაიწყება, მაგრამ ხვალ არ დასრულდება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვინც მხარს მიჭერს, იყავით დარბაზს გარეთო, თუმცა საკითხის განხილვა თუ იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აზრის გამოთქმა. ასე რომ, ვნახოთ. კენჭისყრის დროს დარბაზში არ ვიქნები, მაგრამ კენჭისყრამდე როგორ განვითარდება პროცესი, კონკრეტულად გადაწყდება ხვალ დილით და ამის მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები“. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 18 ოქტომბერს დაიწყება.
პრეზიდენტის მოწოდება მოვისმინეთ. მე და ქეთი თურაზაშვილი საკმაოდ დიდები, ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ თავად გადავწყვიტოთ, სხდომას დავესწროთ თუ არა. ამაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „მოქალაქეები“ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.
„სხდომაზე არშესვლის მიზეზი თუ ის არის, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს, შემთხვევით მწვანეზე ხელი არ მიეჭიროს, ჩვენი თავის გვჯერა და იმედი გვაქვს. ასეთ რაღაცებზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს და წითელი და მწვანე ფერები ერევა ერთმანეთში. ჩვენ პოლიტიკური დალტონიზმით არ ვართ დაკავებული. იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როცა მწვანე ღილაკს აჭერ ხელს და წითელი ღილაკი რას გამოხატავს. რეალური პრობლემაა, რომ ვიღაცები შემოვლენ და ხელი გაექცევათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პრეზიდენტის მოწოდება ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან, ეს გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც განწყობილი არიან ამ პროცესის მიმართ ისე, როგორც პრეზიდენტი, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დამდგარიყვნენ გარეთ და არ შესულიყვნენ დარბაზში, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი როდესაც მივა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე, სიტყვით გამოვა.
„როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, უცბად 94 ხმის მოგროვება, მოხდა ისე, რომ თვითონ დეპუტატები არკვევდნენ ერთმანეთში, თუ რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი, ამიტომ ასეთი გაურკვევლობა რომ ავიცილოთ თავიდან, უბრალოდ პრეზიდენტის მოწოდება იყო, ვინც ფიქრობს, რომ ეს პროცესი მიმართული არის საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ის დეპუტატები დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ თავის პროტესტი. პარლამენტი ჩვენ დაგვიკავშირდა გუშინ და პრეზიდენტი მოწვეული არის პარლამენტში, შესაბამისად, სიტყვით გამოსვლის უფლება პრეზიდენტს ექნება. სამწუხაროდ გადაწყვეტილი არ იყო როდის დაინიშნება აღნიშნული განხილვა. სიტყვით აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ ამას ითვალისწინებს პროცედურა“, – განაცხადა მსხილაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გაითვალისწინებს პრეზიდენტის თხოვნას, იმპიჩმენტის პროცესის დროს დარჩეს მხოლოდ “ქართული ოცნების” პირისპირ. “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნის შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“ქართული ოცნება” მოუწოდებს “რადიკალურ ოპოზიციას”, რომ დარბაზში შემოვიდეს. მეორე მხრივ, პრეზიდენტი მოუწოდებს ოპოზიციას, დარბაზიდან გავიდეს. რამდენადაც ეს არის “ქართული ოცნების” პრინციპული არჩევანის წინააღმდეგ გაკეთებული პროცესი, როდესაც ისინი სალომე ზურაბიშვილს თავისუფლებად წარმოგვიდგენდნენ და მის გარეშე ყოფნას დიქტატურად, დაე, იყვნენ მარტო და ჩახედონ ერთმანეთს თვალებში. მე არც “რადიკალური ოპოზიცია” მგონია თავი, რომ “ქართული ოცნების” მოწოდება მივიღო, ისევე, როგორც კენჭისყრის პროცესში არმონაწილეობაც არ მგონია დიდი უბედურება. რადგან ეს ორი ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდება, მე არ მაქვს პრობლემა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო, რადგან პრეზიდენტი ასეთი თხოვნით მომმართავს,”- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველად, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში არ არსებობს, გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესი უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, მის ვიზიტებს ევროპაში, რათა ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ.
„დღეს, როდესაც ევროკავშირი ძალიან ცალსახად გვეუბნება, როგორც საზოგადოებამ ასევე, პოლიტიკურმა სპექტრმა, უნდა აჩვენოს სრულიად უპრეცედენტო ერთიანობა, რომ ჩვენ არ დავკარგოთ შესაძლებლობა და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მანტიამოსხმულმა „ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებმა“ სამარცხვინო რუსული დავალების შესრულება გადაწყვიტეს, რომელთაც გადაწყვეტილება გააფორმეს. თუმცა, კარგია, რომ აღმოჩნდა სამი მოსამართლე, რომელმაც საკუთარი სინდისის შესაბამისად, დაწერა საკუთარი დასკვნა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ასრულებს რუსეთისგან მიღებულ დავალებას.
„მესმის, რომ ამას აკეთებთ, რადგან ეს არის დავალება, რომელიც გაქვთ მიღებული რუსეთისგან, რათა დააკოჭლოთ და გაანადგუროთ საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუცია და სწორედ ამ დავალების შესრულება არის ის სამარცხვინო იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო „რუსულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
როდესაც რამდენიმე დეპუტატი და მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვიყავით შეხვედრაზე პრეზიდენტთან, მაშინ იყო დისკუსია, წარმოდგენილიყო თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ მისი მოსვლა და აქ სიტყვით გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ყველა ოპოზიციონერს, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია ხმა მისცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს იქნება ხმის მიცემა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ.
„პრეზიდენტი თუ გრძნობს თავს კომფორტულად ცარიელ დარბაზში, ქართულ ოცნებასთან“ მარტო, რა თქმა უნდა, ჩვენ მის ამ თხოვნას გავითვალისწინებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთი საუბარი ჩვენ შორის შედგა რამდენიმე კვირის წინ და მაშინაც იყო მისი მოსაზრება, რომ მართლაც მარტო „ქართულ ოცნებასთან“ დარჩენა ალბათ უკეთესი იყო და უკეთესად გამოავლენდა იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც არის საქართველო. პრეზიდენტი თუ თვლის, რომ მისთვის უკეთესი იქნება მარტო, პოლიტიკურად, ადამიანურად, მე გავითვალისწინებ მის ამ მოწოდებას და იმას, რომ არც განხილვაზე და არც კენჭისყრაზე ჩვენ არ ვიქნებით. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, მე ისიც არ ვიცი, დადგება თუ არა ეს საკითხი განხილვაზე, ვინაიდან უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მხოლოდ კენჭისყრაზე უნდა გამოტანილიყო. საქართველოს პრეზიდენტის დასწრება საპარლამენტო სესიაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, განხილვაში მნიშვნელოვანია მონაწილეობა მისი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მიეცეს საშუალება, მიმართოს საქართველოს საზოგადოებას. გარდა ამისა, ყველა ოპოზიციონერს, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია ხმა მისცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უნდა ესმოდეს და უნდა გავაფრთხილოთ, რომ ეს იქნება ხმის მიცემა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ და ეს იქნება განადგურება პერსონალურად ამ ოპოზიციონერების იმიჯის, პოლიტიკური მომავლის ისევე, როგორც ქვეყნის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მე რაც ვუსმინე სალომე ზურაბიშვილს, პრაქტიკულად მან ითხოვა დახმარება, როდესაც მოუწევს პარლამენტში მისვლა, თხოვა ოპოზიციას, რომ გარეთ რაღაც აქცია იყოს, ეს იყო შინაარსი, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს სჭირდება გაცილებით მეტი ნდობის ხარისხი, ვიდრე ახლა არსებობს.
„ნდობის დეფიციტი პირველ რიგში არსებობს იმის გამო, რომ ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში უკანასკნელ პერიოდში ბევრ სწორ რაღაცეებს ლაპარაკობს, მაგრამ პასუხისმგებლობას ყველაფერზე აკისრებს ვიღაცებს, ეს ვიღაცები არიან ღარიბაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და ეს ხალხი, როცა ყველასთვის გასაგებია, რომ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში ყველაფერზე არის ივანიშვილი. ვიდრე პრეზიდენტი მაგ ზღვარს არ გადალახავს, მე პირადად და ჩვენ არ დავინახავთ, რომ მართლა უპირისპირდება იმას, ვისაც მართლა დასაპირისპირებელია, მანამდე ეგ ნდობა ვერ იქნება. თუ დავინახავთ ამ ყველაფერს, მერე ვნახოთ.
გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოახდინოს ქვეყანაში და შეხვდება პარტიებს, დაელაპარაკება. მაშინ მეც მქონდა შეხვედრა და ავუხსენი, რომ შეუძლებელია დეპოლაროზაცია, მაშინ პოზიცია იყო, რომ ეცდება და ისტორიული მომენტიაო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არის პოლარიზაციის ერთ ბოლოში, სადაც ვართ ჩვენც და მეორე მხარეს არის „ოცნება“ და ახლა მოახდინოს დეპოლარიზაცია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კენჭისყრას გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის არ დაესწრება.
განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა:
“ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს, ამ ისტორიულ პროცესში რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგ ხმა დაფიქსირდეს. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ვითვალისწინებთ მის თხოვნას და ამიტომ კენჭისყრაზე არ შევალთ”, – თქვა მან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ამ ძალისხმევისთვის ისჯება.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხუთი თვის წინ აქ მტკიცედ იდგა მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ვციტირებ – „მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამ ძალისხმევისთვის ის ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო, ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული, პრო-რუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტოდ ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ერთ-ერთი წევრის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, სამი მოსამართლე არ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითად დასკვნას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. კვერენჩხილაძის განმარტებით, განსხვავებული პოზიციის საფუძველი გახდა სამართლებრივი შეხედულებები.
„ჩვენი განსხვავებული აზრი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მკითხველი თავად მიხვდება, რას ეყრდნობა ჩვენი სამართლებრივი პოზიციები, რომლებიც განსხვავებულ აზრშია ჩამოწერილი. ზოგადად, სასამართლო და მოსამართლეები საზოგადოებას მათი აქტებით უნდა ესაუბრებოდნენ. შესაბამისად, ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი აინტერესებს, შეუძლიათ, ამ განსხვავებულ აზრს გაეცნონ. განსხვავებულ აზრში წერია, რას დავეყრდენი მე, რას დავეყრდენით მოსამართლეები. ყველას შეუძლია, იხილოს და წაიკითხოს. არ დავეთანხმეთ ძირითად დასკვნას, რომ დაარღვია“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
კითხვაზე, – „ხშირად იმ სამ მოსამართლეს აქვს ხოლმე კონკრეტულ საქმეებზე განსხვავებული აზრი, რომლებსაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. რისგან შეიძლება იყოს ეს განპირობებული“, გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა:
„არ ვიცი, მგონი, არანაირი ტერაინკოგნიტა არ არის. მოსამართლეს ხან აქვს განსხვავებული აზრი, ხან რაღაცას ემთხვევა, ხან – არა. ყოფილა უმრავლესობის პოზიციებთან თანხვედრა, ყოფილა უმცირესობა მოსამართლეთა ჯგუფის პოზიციებთან თანხვედრა, ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო ცხოვრებაა. მე არავისგან არ ვარ დავალებული, არ ვიცი, ვინ რას ამბობს. პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს მათი პოზიციების გამოხატვისა და დაფიქსირების უფრო ფართო ფარგლები აქვთ, მოსამართლეები ჩვენი სამოსამართლო ეთიკით შეზღუდული ვართ და ამგვარ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, რასაც ხელს აწერს, მისი პოზიციაა და რაიმე გავლენის ქვეშ არასდროს ყოფილა.
„რა თქმა უნდა, მოსამართლე საზოგადოების ზეწოლასაც უძლებს და ზოგადად, სასამართლოს კრიტიკა დასაშვებ ფარგლებში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს გარკვეულ ზღვარს არ უნდა გასცდეს არც ძირითადი აზრის ავტორი მოსამართლეების და არც განსხვავებული აზრის ავტორი მოსამართლეების მიმართ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მე არანაირი საფრთხე არ მქონდა, არასოდეს ვყოფილვარ არანაირი გავლენის ქვეშ და არც ახლა არ ვყოფილვარ, არანაირ გავლენას არ ვგრძნობ. ჩემი პოზიციაა, რასაც მე ხელს ვაწერ. სრული თავისუფლება აქვთ ადამიანებს, ისაუბრონ იმაზე, რაც მათ პოზიციად მიაჩნიათ და თავისი პოზიცია გამოხატონ“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით იმას, რომ პრეზიდენტმა სამარცხვინო უწოდა ექვსი მოსამართლის გადაწყვეტილებას, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გადაწყვეტილება სამარცხვინო“, კვერენჩხილაძემ განაცხადა:
„მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი არ შეიძლება. გარკვეული ეთიკა არსებობს და ეთანხმები თუ არ ეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძირითადი იქნება თუ განსხვავებული, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სხვა ტერმინებზე მე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
ზურაბიშვილმა გუშინ, 16 ოქტომბერს ოპოზიციას მოუწოდა, რომ “ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ” გარეთ დადგნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.