მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოპოზიცია “ქართული ოცნების” თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს

“ეს არის ცვლილებები იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი დასაქმდეს ბიუჯეტის ხარჯზე”- ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” ფრაქციის მიერ, პარლამენტში ინიცირებულ თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს.

პროექტის თანახმად, საკრებულოების თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. გარდა ამისა, ფრაქციის თავმჯდომარეს, შეუძლია ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე, ერთი მოადგილე დანიშნოს.

დღეს მოქმედი თვითმმართველობის კოდექსით , თბილისის გარდა, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 63 თავმჯდომარეს სულ 189 მოადგილე ეყოლება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, ლექსო ძულიაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ეს ცვლილება ხელისუფლებას საკუთარი მხარდამჭერების დასაქმებისათვის სჭირდება.

” დავუშვათ, ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე სჭირდება. რა საჭიროა, ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, თუ არა ამისათვის, რომ ბიუჯეტს რაც შეიძლება მეტი მჭამელი აჰკიდონ. არჩევნებში დამსახურებისათვის, ვიღაცეებს დააჯილდოვებენ ხალხის მიერ გადახდილი თანხით. ამას დაემატება უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო სხვა თანხები, ავტომანქანის მომსახურებისა და საწვავის ხარჯებიც”– განაცხადა ძულიაშვილმა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი, 3400 ლარია.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მათი დაფინანსებისთვის, თვეში 642. 600 ლარი იქნება საჭირო. ერთ წელიწადში კი, ეს თანხა თითქმის რვა მილიონს მიაღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button