ოპოზიცია თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ
“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, მოქალაქეები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მოქალაქეები მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობისთვის ემზადებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების თქმით, ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.
“სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს რაღაც განცხადებებს შსს. პოლიცია ვალდებულია მანიფესტანტების უფლებები დაიცვას. არავის არ ეშინია არც მაგათი წყლის ჭავლების და არც რობოკოპების, ჩვენ ნანახი გვაქვს, როდესაც ეს ძალა გამოიყენეს, საბოლოო ჯამში რითი დამთავრდა. ასე რომ დროულად მოეგონ გონს და გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი წინააღმდეგობრივ აქციებს კიდევ უფრო გაამწვავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი, შსს-ს განცხადებას, წინასწარი შანტაჟი მცდელობად აფასებენ. ისინი განმარტავენ, რომ მათ წინასწარ გააკეთეს გაფრთხილება აქციასთან დაკავშირებით.
ლევან ხაბეიშვილის ზაალ უდუმაშვილის ნიკა მელიას და ერთ ერთი პოლიციელის ხმა