მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციამ, 24 ნოემბერს 21:00 საათზე პარლამენტთან ღამისთევა დააანონსა

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს. თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, – აღნიშნული განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმის სახით გაკეთებული განცხადება მთლიანად, პროდასავლური ოპოზიციის სახელით გაკეთებული განცხადებაა.

„დღეს, როგორც იცით, 22:00 საათამდე ვართ აქ, არ ვიძვრებით აქედან, მაგრამ ახლა, მინდა პუნქტობრივად გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღესთან დაკავშირებით.

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. 21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები, რომელიც ჩამოვა „რესპუბლიკის მოედანზე“ , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება „თავისუფლების მოედანზე“ შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ „რუსთაველზე“.

კიდევ ერთხელ, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გვინდა გამოვუცხადოთ, რომ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას ხვალ, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება და მეტი არაფერი. ამას მათი მხრიდან არაფერი საერთო არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან, არც პარლამენტთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან მოქალაქეებს ორშაბათს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა ვთხოვო ყველა პატრიოტ ქართველს, ორშაბათი დღე დაეთხოვეთ სამსახურიდან, გამოაცხადეთ თქვენთვის უქმე დღე, აიღეთ შვებულება ეს ერთი დღე და მიუძღვებით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს. ბოლოს, გავიმეორებ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რას იზამს ევროპა, რას იზამს ამერიკა, დადგა დრო დავსვათ კითხვა – რისთვის ვართ მზად, ჩვენ, რას ვიზამთ ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის?! ძალა ერთობაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, -აღნიშნა ვაშაძემ.

ხვალ შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც 21:00 საათზე შევიკრიბებით იმისათვის, რომ მსვლელობით პარლამენტისკენ წავიდეთ, პარლამენტისკენ, რომელიც ისე როგორც ქვეყანა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ივანიშვილის აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაცია არც საქართველოს პრეზიდენტისგან, არც პოლიტიკური პარტიებისგან და არც ქართველი ხალხისგან არ აქვს.

„ჩვენ ეს ბრძოლა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემადგენელი ნაწილი იყო ბოლომდე გვაქვს მისაყვანი, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნებით, ამ მიტაცებული არჩევნების დაბრუნებით, რომელიც რეალურად რუსული სპეცოპერაცია იყო, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამ არჩევნების დაბრუნება და გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა და ახლა ხელისუფლება მიტაცებას ცდილობს, ნიშნავს ევროპული მომავლის დაბრუნებას. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უმნიშვნელოვანესი როლი, გეგმა არის ხვალ რესპუბლიკის მოედანზე 21:00 საათზე შეკრება, მსვლელობით რუსთაველისკენ წასვლა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში ჩვენი გამარჯვების დაბრუნება და ივანიშვილისთვის იმ შესაძლებლობის არ მიცემა, რომ მშვიდად და წყნარად, მალულად, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ელჩებიც არ ესწრებიან პარლამენტის შეკრებას, რუსულ პარლამენტს მისცეს ლეგიტიმაცია.

რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. გელოდებით რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 24-25 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციები მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა „ყველაფერი ამით არ მთავრდება“.

„25 ნოემბერი [როცა პარლამენტი პირველად შეკრებას გეგმავს] მძიმე დღე უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”. საქართველოსთვის კი უნდა იყოს გამარჯვების მნიშვნელოვანი დღე“, – თქვა გვარამიამ შაბათს საღამოს, 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე.

„24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი“, – განაცხადა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.

„მოსახლეობას მინდა მივმართო, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ვინც იცის, არჩევნები გაყალბდა: ნუ ველოდებით მაინცდამაინც დარბევას, დაჭერას. ვიშვიშის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ხელისუფლება მათ, ვინც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების – ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button