ოპოზიციამ 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია დააანონსეს
ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებმა ხვალ, 6 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია დააანონსეს. განცხადება ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
სააპელაციოში ხვალ – 12:00 და 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული საარჩევნო დავების განხილვა, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიდო.
“სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის.
ახლა, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან…” – განაცხადა სააპელაციოსთან მიმდინარე აქციაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ დღეს, 16:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ.
„ასევე, 16:00 საათზე ქუთაისში სასამართლო პროცესი იწყება და ვინც ახლა გვიყურებთ, მიდით ქუთაისის სააპელაციოს შენობასთან. ასეთივე სასამართლო პროცესები იქნება ბათუმში და გთხოვთ, ადგილზე ორგანიზება გავაკეთოთ, რომ იქაც იგივე ტიპის შეკრებები იყოს.
ყოველდღე წინააღმდეგობა გვექნება, სანამ სისტემას ბოლომდე არ ჩამოვშლით. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას არავის არ დავუთმობთ!“ – აღნიშნა ვაშაძემ.