ოპოზიციამ პრეზიდენტს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა.
ეს ინიციატივა პრეზიდენტთან შეხვედრაზე “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, ანა დოლიძემ გააჟღერა.
ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება , – ამის შესახებ „ძლიერის აქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, ასევე განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები.
„ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად.
მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ამ ინიციატივას მხარს უჭერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა მასშტაბური იქნება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ანა დოლიძის განცხადებაზე: „პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა“.
„ანა დოლიძემ გაახმოვანა. ჩემი პერსონალური აზრია, რომ პრეზიდენტის მიმართ ეს მხარდაჭერა ძალიან მასშტაბური იქნება. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. ანას წინადადება იყო და მხარს ვუჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. რაც შეეხება იმას, რა მოხდება 29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, რადგან არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა გადმოგდებული ხაფანგი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმევით. ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოში პრეზიდენტი აიღებს.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებს ბოლომდე, ამაში დღეს არ დავრწმუნებულვარ, ეს გაირკვა მანამდეც, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემთვის მისი ნიშანდობლივი გამოსვლა იყო და ვიტყოდი ისტორიული ტექსტიც, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა შეაფასა არჩევნები როგორც არალეგიტიმური და „არჩეული“ პარლამენტი როგორც არალეგიტიმური. ამის შემდეგ სრულიად გადასგები გახდა ყველაფერი. მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ „ქართული ოცნება“, ჩვენ აქ ვმსჯელობთ. წინადადებები, რომელიც კოლეგებისგან ისმის, არის იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ დავდივართ რაღაც ამბების მოსაყოლად ან ინსტრუქციების მისაღებად. ჩვენ მოვდივართ, რათა ვიმსჯელოთ მარტივი მიზეზის გამო, ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ჩარჩო პოლიტიკური მსჯელობებისთვის ამ შენობის გარდა აღარ არსებობს
ამასთან, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, მისი საქმეა. ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა, ისევე როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ დავიწყებთ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“როგორც კი შეიქმნება [პრეზიდენტის მიერ დაანონსებული] საბჭო, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით,” – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში თქვა.
“რაც მთავარია, ჩვენი პარტია ვეთანხმებით იმას, რომ არჩევნები არის ახალი დასანიშნი და ქვეყანა არის სასწრაფოდ ევროპულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გამოვყოფთ, როგორც პირველ და ყველაზე მთავარ ამოცანად, რომ მძევლები, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან უპირობოდ უნდა იყვნენ განთავისუფლებულები და მათზე ეს ვითომ სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს.
როგორც კი შეიქმნება [პრეზიდენტის მიერ დაანონსებული] საბჭო, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით. აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია, არის საკითხები, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ან სხვა პარტიები არ ეთანხმებიან. ჩვენი მიდგომა მარტივია, 29 დეკემბერს არც ცხოვრება მთავრდება და არც ამ ქვეყნის ისტორია მთავრდება და არც 20 იანვარს იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა, ამიტომ ეს არის პროცესი და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება ქუჩაში, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა,” – თქვა გახარიამ.
23 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება “პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით”. პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ “დასაცავი არ იქნება” და რომ არც ეშინია.
“ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ. ან ესაა მცდელობა, რომ ამაგდონ და მე ვთქვა: “აბა რაა”.
მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ. მესმის ასევე საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ, აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს. დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე. ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები სამშობლოს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შეიძლება ციხეში მოხვდეს, თუკი ის პრეზიდენტის რეზიდენციაში „გამაგრდა“ და „სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინა:
„72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, – ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.
კობახიძის ამ განცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, წინა დღეს გამოცხადებული გეგმის თანახმად, თბილისში მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციას მიმართა.