მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციის ამომრჩეველი უკვე მეშვიდე დღეა სამოქმედო გეგმას ელოდება-მხარდამჭერების უკმაყოფილებას კი კარვების შეგროვების ინიციატივით უპასუხა ნიკა გვარამიამ

ოპოზიციის ამომრჩეველი უკვე მეშვიდე დღეა სამოქმედო გეგმას ელოდება. რას აპირებენ ბარიერგადალახული პარტიები? – მხარდამჭერები სვამენ კითხვას რატომ კარგავს დროს ოპოზიცია. მორიგი ანონსის მიხედვით, გეგმა ორშაბათს გახდება ცნობილი.

მხარდამჭერების უკმაყოფილებას კი კარვების შეგროვების ინიციატივით უპასუხა ნიკა გვარამიამ. ბარიერგადალახულ ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებენ კოლეგა ოპოზიციონერებიც. ქუჩის პროტესტის მომხრე თაკო ჩარკვიანი, კოლეგებს საპროტესტო მუხტის დაგდებაში ადანაშაულებს. იმავე აზრზეა “გირჩიც”

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება, მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
ხოშტარიას თქმით, ისინი ყველა იმ იდეას მოისმენენ, რომელიც საპროტესტო აქციების წარმართავს და განვითარებას დაუკავშირდება.
„ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვემზადებით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ჩვენ ამ ჯგუფებთან შეხვედრა გვაქვს, რომ მათი აზრები მოვისმინოთ, ამ პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამასთანავე, ჩართულობა ყველასი უნდა იყოს, რადგან ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვიბრუნოს“, – განაცხადა ხოშტარიამ

,,კამპანია „კარვები საქართველოსთვის“ მთლიანად ოპოზიციისთვის მისაღები გადაწყვეტილებაა,,-გვარამია

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პროდასავლური პარტიები ერთიანები არიან, რომელთა გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რუსული რეჟიმის იზოლაციაში დატოვება, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ქართველ ხალხს დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი გამარჯვება”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ეს ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორთან მუშაობას, ასევე სამართლებრივი პროცესების წარმოებას.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად აქციებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენი გეგმა ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო და ცხადი, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი პროცესი ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორთან მუშაობას, ისევე როგორც სამართლებრივი პროცესების წარმოებას, რათა დაცული იქნეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაცია და არ მოხდეს ამის წაშლა. ამავდროულად, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით წარმოდგენილი და მშვიდობიანი საპროტესტო ფორმით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა, იქ ყოფნა და იქ შევა, ჩვენ კი სხვა გზები გვაქვს და სხვა გზებით დავიცავთ მოქალაქეების არჩევანს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ოპოზიციონერების თქმით, საზოგადოებისთვის სწორედ ორშაბათს გახდება ცნობილი, რა ფორმით გაგრძელდება ქუჩის აქციები.

გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად 4 ნოემბერს, საღამოს 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე აქციები იწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button