მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თელავის სასამართლომ გაამართლა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ნარკოტიკების არაერთგზის შეძენა- შენახვაში ბრალდებული, 32 წლის უჩა ზურაბაშვილი, გაამართლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, მეტადონის პროგრამით მოსარგებლე, ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, 22 მარტს გამოაცხადა.

გამართლებული ახალგაზრდა მამაკაცის ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმე, თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად ნარკოტიკების ჩადების ფაქტი დაადასტურა.

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეტადონის პროგრამით სარგებლობს. 2019 წელს, თელავში დააკავეს და რეალურად მეტადონი ჩაუდეს. სასამართლო პროცესზე, პოლიციელები ფერსაც კი შეცდომით ასახელებდნენ, რაც ვითომ აღმოუჩინეს და არ ახსოვდათ, საიდან ამოიღეს ნარკოტიკი. დაკავების დროსაც და მას შემდეგაც, რამდენჯერმე სცემეს. აიძულებდნენ, ეღიარებინა, ის, რაც არ ჩაუდენია. ჩვენ გვყავს მოწმეებიც, რომლებიც სასამართლოს წარვუდგინეთ. ისინი ადასტურებენ, რომ ბრალდებულისათვის არც ნარკოტიკი ამოუღიათ, არც ადგილზე გაუჩხრეკავთ და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

საქმე ეყრდნობოდა პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც არ იყო სარწმუნო. ორი წელი ვიბრძოდით და სიმართლე დავამტკიცეთ. ახლა ველოდები, რომ მოსამართლე, საკუთარ გადაწყვეტილებაში, დეტალურად აღწერს იმ ხარვეზებს, რაც საქმეში იყო და რასაც ამდენ ხანს ვდაობდით. ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის გამამართლებელი განაჩენი, რადგან ადამიანს წესიერი ცხოვრება უნდა და გამოგონილი ბრალდებებით, საშუალებას არ აძლევენ. სოფელშუც კი უთვალთვალებდნენ და მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ხომ არ შეიძლება, ადამიანს შეცდომა მოუვიდეს და მთელი ცხოვრება სდევნიდე ამის გამო?” – განაცხადა ბეგიაშვილმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ზურაბაშვილი, მეტადონის პროგრამით, თელავის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საშუალებით სარგებლობს.

სახელმწიფო ბრალმდებელი, ზურაბაშვილის საქმეზე, მანანა თანდაშვილი, გამამართლებელ განაჩენზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, რადიო ჰერეთისათვის ცნობილია, რომ პროკურატურა განაჩენს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მსგავსი პოსტები

Back to top button