მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთი უკრაინაში Leopard-ის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს.
ამის შესახებ რობლესმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რობლესმა აღნიშნა, რომ Leopard-ის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამასთან, ის ამბობს, რომ ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანპორტიორს მიაწვდის.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს.
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო, რომლებიც ჯამში 80 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთთან ერთად აშშ-ს სანქციებს იღებს USM Holding-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოლიგარქთან ალიშერ უსმანოვთან არის დაკავშირებული. პირადად მის წინააღმდეგ შეზღუდვები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში იქნა მიღებული.
“უსმანოვის განკარგულებაში არის კომპანიების ფართო ქსელი და ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც პოტენციალურად სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს”, – წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის ხელმძღვანელობის აზრით, USM Holding-ის მეშვეობით უსმანოვი საკუთარი კომპანიების უმრავლესობას აკონტროლებს და ფლობს.
სანქციების ასევე ჰოლდინგთან დაკავშირებულ 20-ზე მეტ იურიდიულ პირზე ვრცელდება, რომლებიც რუსეთში, უზბეკეთში, შვეიცარიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ცალკე 27 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში მუშაობენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, ასევე დამატებითი კომპანიები, რომლებიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსატომთან” არიან დაკავშირებულები.
სანქციები აღნიშნული პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში აქტივების გაყინვას და ამერიკელი მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის მათთან საქმის წარმოების აკრძალვას ითვალისწინებს.
კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ტორონტოში, უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, კანადა საკუთარი სამხედრო საწყობებიდან უკრაინას გაუგზავნის 21 ათას ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას.
“რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერთან” დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთან”,-განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.