ოპოზიციის შეფასებით საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის ჩაგდება ქვეყანას ძვირად დაუჯდება
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის მიზეზი გახდა,ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ პროკურორის არჩევის წესის კანონპროექტის ჩაგდება ქვეყანას ძვირად დაუჯდება.
“ქართული ოცნების ამგვარ ქცევას და გაშვებულ შესაძლებლობებს, ვერ ექნება კარგი დასასრული საქართველოსთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ბოლო დროს, როდესაც დაკარგა 300 მილიონი, ამით მან ბევრად უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე არის მხოლოდ ერთი ფისკალური დახმარება. ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” და სახელმწიფოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,” – აცხადებს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია.
მმართველ გუნდში პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ლეგიტიმურად, ოპოზიციის კრიტიკა კი დაუმსახურებლად მიაჩნიათ.
“ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს განცხადებები დაწყებულიყო იმ მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნით, რაც ჩვენი მხრიდან რეფორმების განხორციელებას ეხება. რაც შეეხება კრიტიკას გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ ობიექტური და ლეგიტიმური არგუმენტაცია გვქონდა ამ პუნქტის არ შესრულებასთან მიმართებით,” – აცხადებს ნინო წილოსანი.
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელმა გუშინ პარლამენტის მიერ განხორციელებული და ჩაგდებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადებები გაავრცელეს. დიპლომატიური უწყების განცხადებით,
ქართულმა ოცნებამ ცვლილების ჩაგდებით კიდევ ერთხელ გატეხა დადებული პირობა, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.
პარლამენტმა 126 ხმით პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად:
მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.