ოპოზიციის თქმით საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია და მათ არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ

რადგან ჩვენ ვიცით, რომ უცხოეთში ასობით ათასი ადამიანია წასული, ჩვენი მხრიდან სწორი ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მათი აზრი გვაინტერესებს, – ამის შესახებ გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირიქით თუ მოხდება და სხვადასხვა ქვეყანაში საერთოდ არ გაიხსნება უბნები, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს.
“ზოგადად, მე ვემხრობი იდეას, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გაიხსნას უბნების საზღვარგარეთ. ეს მხოლოდ იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრმა ადამიანმა მისცეს ხმა, შეიძლება ბევრმა მაინც ვერ მისცეს ხმა. საბოლოო ჯამში, აქტიურობა ყოველთვის ძალიან დაბალია, მაგრამ რადგან ჩვენ ვიცით, რომ ასობით ათასი ადამიანია წასული, ჩვენი მხრიდან სწორი ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მათი აზრი გვაინტერესებს. დამატებით 100-მა უბანმა სულ რამდენიმე ათასი ადამიანის ხმა რომ დაუმატოს არჩევნებს, მაინც მნიშვნელოვანი იქნება. იმ ადამიანებისთვისაც, რომელიც ემიგრაციაში არიან, რომ ჩვენ მათ აზრს ვუსმენთ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უბანი უნდა გაიხსნას. პირიქით თუ მოხდება და საერთოდ არ გავხსნით, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს. ეს მათთვისაც ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
“საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია წასული იმ ძალიან მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური ვითარების გამო. ამ ადამიანებს სჭირდებათ და მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამიტომ, მე მაინტერესებს, რამდენად მზად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ამ ადამიანებს გაუხსნას საარჩევნო უბნები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ კონცენტრირება შეიძლება დიდი იყოს რომელიმე ქალაქში, მაგრამ იქ არ იყოს ჩვენი საელჩო და საკონსულო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებს “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე.
დეპუტატების შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საკონსულოები უნდა გაიხსნას.
“ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გარბის იძულებით ემიგრაციაში ჩვენი მოსახლეობა – ეს არის მთავარი კითხვა. შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები გარბიან ემიგრაციაში, რატომ არ ეძლევათ მათ საშუალება თავისუფალ გარემოში მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს, დიასპორაში ვინც არის, სამწუხაროდ არ აქვს თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უწევთ ათასობით კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ხაჯიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისნ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრის შექმნა, არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობის ყველაზე სწორი და ადეკვატური გზაა.
მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას ისეთი გაერთიანება, რომელსაც არამხოლოდ ფორმალური, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ექნება, არამედ ექნება გამარჯვების შესაძლებლობა.
“მაშინ, როდესაც ოპოზიციის გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გადის ალტერნატიული ცენტრების იმგვარ ფორმირებაზე, რომელსაც ექნება არა მხოლოდ ფორმალური, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, არამედ ექნება გამარჯვების შესაძლებლობა – ბუნებრივია, ეს პროცესი არის დასაწყები. მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რეალურად შეიქმნას მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვების შესაძლებლობის ყველაზე სწორი და ადეკვატური გზაა. მაინც ვფიქრობ, რომ გარდაუვალია ამგვარი რამ მოხდეს და რაც დროზე დაიწყება კონსულტაციები, მით უკეთესი”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ.
„ის, რომ ჩვენ ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ორმაგი უსამართლობაა. პირველი უსამართლობა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის, საკუთარი სამშობლოს, ოჯახის დატოვება უწევს, რათა შემდეგ ლუკმაპურის ფული გამოაგზავნოს ქვეყანაში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველოში ამ ხალხისთვის არ შეიქმნა ღირსეული სამუშაო ადგილები.
მეორე უსამართლობა ის არის, რომ ქვეყნიდან წასულ ხალხს არ ეძლევა ქვეყანაში რეალურ ცვლილებებში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ მათ. როდესაც, სულ მცირე, მილიონი ადამიანი მაინც არის ქვეყნიდან გასული, არჩევნებში მონაწილეობას 12 ათასი ადამიანი ახერხებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება! რაღაც უნდა შევცვალოთ. ელემენტარული საკითხია, 50 საარჩევნო უბანს ვხსნით საზღვარგარეთ და როგორ უნდა დარეგისტრირდეს ან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს 1 მილიონმა ადამიანმა 50 საარჩევნო უბანზე? მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ემიგრანტები ქვეყნიდან არ უნდა მირბოდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს. მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ “ლელოს“, გახარიას პარტიას, “გირჩს“, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსს, გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს.
“წმინდა წყლის სპეკულაცია” – ასე შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო პუნქტები უნდა გაიხსნას.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნები ყოველთვის იხსნებოდა იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც აღრიცხვაზე იყო საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების საკმარისი რაოდენობა.
“საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იხსნება ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს იმ კონკრეტულ ქალაქში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. შესაბამისად, ყველა ქალაქში, სადაც არსებობს საქართველოს საელჩო და საქართველოს საკონსულო, თუ არის საკმარისი რაოდენობის ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზე დგას, მაშინ იქ ყველგან იხსნება საარჩევნო უბნები.
ამიტომ, ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენი ოპოზიციონერები საუბრობენ, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. არ ყოფილა არასოდეს შემთხვევა, რომ რაოდენობრივად თუ არიან საქართველოს მოქალაქეები ამა თუ იმ ქალაქში, იქ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არ ყოფილიყოს ჩატარებული არჩევნები.
თუ საუბარია იმაზე, რომ ზოგადად, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები ერთი და ორი მოქალაქისთვის, ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება,” – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.