ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასეს
ცესკოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის დავით კირთაძის თქმით, ქმედება რომელიც მან დღეს ცესკოს სხდომაზე ჩაიდინა, იყო პროტესტი არჩევნების გაყალბების მიმართ და სოლიდარობის გამოხატვა იმ ხალხისადმი, ვინც არჩევნების მოპარვას აპროტესტებს.
როგორც კირთაძემ განაცხადა, მან გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა იმ შავი ლაქის გამოსახატავად, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ ქვეყანას დაამჩნია არჩევნების არასამართლიანად და არადემოკრატიულად ჩატარებით.
ყველაფრისთვის მზად ვარ. ცესკოს თავმჯდომარემ ვერც ამომრჩევლის, ვერც სტუდენტების ხმა ვერ გაიგო, ეს პროტესტი იყო იმ ხალხის სოლიდარობის, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი, მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დაამჩნია იმ არჩევნებით, რომელიც ჩატარდა. – განაცხადა დავით კირთაძემ. დავით კირთაძის თქმით, ცესკოს წევრებს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასეს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტი ნებისმიერი ფორმით უნდა გამოხატონ.
“ეს ინციდენტი არის პროტესტის კიდევ ერთი გამოხატულება, მიუხედავად იმისა, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა. შავი მელანი თუ ყავა – არ ვიცი რა სითხე იყო, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გაუკეთა ივანიშვილის რეჟიმმა თავის კალანდარიშვილიანად, რადგან ქართველ ხალხს მოჰპარეს არჩევანი,” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს ქმედება გამოუხატავი, დაგროვილი რისხვის შედეგი იყო.
“გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჩადენილი ქმედება არის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში, როგორ ჩატარდა პროცესები საოლქოებში. არ გვქონდა არავითარი საშუალება, რაიმე პროცესში მონაწილეობა მიგვეღო, ან უბანზე, ან საოლქოში. ეს სიტუაცია იყო ყველა ოლქში. შესაბამისად, როდესაც არ მისცემ ადამიანს საშუალებას, გამოხატოს თავისი გულისწყრომა ქვედა ეტაპზე, ბუნებრივია, რომ ის რისხვა გვიგროვდება,” – აცხადებს დოლიძე.
“მე მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს – მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა ის სათქმელი, რომ ეს არჩევნები არის დაწერილი შედეგების არჩევნები, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს,” – ასე შეაფასა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი, სადაც გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს.
მან საზოგადოებას მოუწოდა, თუ სადმე “გამყალბებელს” ნახავენ “სახეში შეასხან მელანი ყველას.”
“მადლობა მას. ვფიქრობ, აქ ვინც არის, ყველამ ტაში შემოჰკრა ამ საქციელს.
ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა – ყველამ ავიღოთ მელანი და გამყალბებლებს სადაც ვნახავთ, შევასხათ სახეში ყველას. ძალიან კარგი იქნება, აი, ეს არის გეგმა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცესკოს ეჩქარება მიტაცებული არჩევნების დაკანონება.
„ჩქარობენ ბუნებრივია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოება არ შეეგუება მიტაცებული არჩევნების შედეგებს, ამიტომ მათ ეჩქარებათ ამ მიტაცებული არჩევნების დაკანონება, იქნება ეს სასამართლოში თუ საოლქო კომისიებში თუ ცესკოში. საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, რის შედეგადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მიტაცება მოხდა 26 ოქტომბერს, ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების.
ჩვენ გუშინაც ვნახეთ სააპელაციო სასამართლომ როგორ ვერ გაბედა სხდომის ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის“ შეტანილი სარჩელის განსახილველად და იქაც პროტესტის ფორმით ჩვენ 1260 გვერდიანი მტკიცებულებები კიბეზე დავტოვეთ პროტესტის ნიშნად, რადგან რეალურად ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, გაუქმებულია თავად არჩევნების ინსტიტუტი და არჩევნების უფლება და ამის დაბრუნება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ პროტესტით, იქნება ეს სასამართლოსთან, ცესკოში, რუსთაველის გამზირზე, თუ უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამოხატული. ნებისმიერი ფორმით ჩვენ უნდა გამოვხატოთ პროტესტი, რომ დავიბრუნოთ არჩევნების უფლება, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.