მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციონერების მთავარი გზავნილია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, მათ დააკავებენ თუ არა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დასრულდა. ოპოზიციონერების მთავარი გზავნილია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, მათ დააკავებენ თუ არა.

ყველა პარტიის თუ კოალიციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არავის ეშინია არც ოფისების დარბევის და არც დაპატიმრების, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძემ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, განაგრძონ პროტესტი მას შემდეგაც, თუ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერენ.
„ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აკავებენ, ჩვენ გავუწევთ სათანადო დახმარებას,მათ შორის სამართლებრივ დახმარებას, ეს რამდენადაც შესაძლებელია ასეთი რეჟიმის პირობებში. მთავარი არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია, რომ [ხელისუფლება] ახლა არის გადატეხაზე, ვის შეეშინდება და ვინ გადაწყდება. არავინ გაჩერებას არ აპირებს და რაც მთავარია, გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი, რაც უნდა გესმოდეთ ყველას არის ის,რომ აქ ვინც იყო შეკრებილი და ვინც კიდევ აქ არ იყო, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მოქმედებების ერთობლიობით, ხელახალი არჩევნების გზით ქვეყანას კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნებენ.
“დღეს ყველამ ვნახეთ ახალი ხარისხი იმ ავტორიტარიზმის, რომლის გამოვლინებაც იყო პარტიების ოფისებში ჩხრეკით, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების და ის უკანონობა, რომელიც ყველა პირდაპირ ეთერში თქვენი თვალით ნახეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცით, რომ ეს აქციები არის ხალხის მხრიდან ორგანიზებული და ყველა, თითოეული მოქალაქე ვიცავთ იმ კონსტიტუციას, რომელიც თავზე გადაახია ივანიშვილმა ქართველ ხალხს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოქმედებების ერთობლიობით ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ამ ქვეყანას ხელახალი არჩევნების გზით კონსტიტუციურ სივრცეში და პასუხსაც გავცემთ იმ უკანონობის ახალ ტალღას, რომელიც დღეს ყველამ ვნახეთ თუ როგორ ცდილობდა გაეყიდა პრემიერად წოდებულ კობახიძე პრევენციულ ნორმად. სხვა დანარჩენი არის პროცესი, ამ პროცესში თითოეული მოქალაქის დაცვა იქნება ჩვენი ინტერესი და ყველაფერი იქნება კონსტიტუციურ ჩარჩოში, რისი უფლებაც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს”, – აცხადებს გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი თეონა აქუბარდია.

ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ერთიანობა არის ის მთავარი გეგმა, რომლითაც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ.
“არის სრული ერთობა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში, ეს ნიშნავს, რომ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული უკან, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მშვიდობიანი მეთოდით და მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რომელსაც გეგმავენ, რაღაც სცენარები აქვთ, რის შესახებაც მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ მიდის პროვოკაციების დაგეგმვა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რასაც ვაკეთებდით აქამდე, რომ დავიცვათ ის დაზარალებული, დაჩეხილი ახალგაზრდები ამ კრიმინალების მიერ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. ასევე გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილი ამყარებს ტერორს და ტერორის დამყარების და რუსეთში საქართველოს შეთრევის უფლებას არ მივცემთ არავის.
გეგმა არის ერთი – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს საქართველოში,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სასტუმრო “ქორთიად მერიოტში” ბარიერგადალახული ოპოზიციური წევრების შეხვედრა დასრულდა. მათი თქმით, მთავარი, რითაც ბრძოლას აპირებენ, ეს სახალხო პროტესტია.
“ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის და არა ვიღაცებისთვის. ასევე, მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა ქვეყნის მასშტაბით. ვინ, როგორც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ეს პროტესტი გაგრძელდება.
მიუხედავად იმისა, ვის რომელ ოფისში თავს დაესხმებიან, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იყოს გადატანილი და გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ბევრი მათგანი უმოწყალოდ ნაცემი, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში. ეს არის ერთადერთი მოტივაცია.
ყველანი ვართ ამ პროცესში თანასწორები, ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომელ პოლიტიკურ პარტიას დალუქავენ და ა.შ. ეს ოფისები არის უკვე პირობითი, ვეღარ ასრულებენ პარტიულ ფუნქციებს. ეს ოფისები როგორც ფართი მოხმარდეს ნაცემი ადამიანების დროულ რეაბილიტაციას, სანამ ისინი საავადმყოფოში იქნებიან გადაყვანილები.
ამიტომ, ვისაც არ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესი უპირისპირდება ქართველ ხალხს, ამ ადამიანებთან კამათს აღარ ვაპირებთ. მაგრამ, დიდი უმრავლესობა ძალიან სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას,”- ამბობს ნიკა მელია.

სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
უფრო კონკრეტულად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ უცნობი პირები დახვდნენ. აღნიშნულ პირების ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ამასთან, სამართალდამცველები აკავებენ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.
ადგილზე, სავარაუდოდ დააკავეს ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი.
ამ წუთებში, პოლიცია მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას ცდილობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები სუს-ის „ტიტუშკები“ არიან. ამ ეტაპზე, ოპოზიციის ნაწილი ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.

4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.

კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავეს.

ხოლო “გადაუდებელი აუცილებლობიდან” გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.

მსგავსი პოსტები

Back to top button