მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი “ქართულმა ოცნებამ” “იყიდა”- ოპოზიცია კენჭისყრის შედეგებს აფასებს

ლელო- საქართველოსთვის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს “რამდენიმე ოპოზიციონერი ქართულ ოცნებას გაურიგდა” და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
“ჩვენ ვთავაზობდით მათ [ქართულ ოცნებას] ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, ქართულმა ოცნებამ ეს არ მოისურვა, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა, დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა მალულად, ფარულად გაურიგდა ქართულ ოცნებას, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში.”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება „იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ განმტკიცებას“.
მისივე თქმით, სხვაგავრად იძულებული იქნებოდნენ, ცალმხრივად მიეღოთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
„არცერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებაზე.
გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ, რომ „კლანის“ გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გააკეთონ განმარტებები, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„არგუმენტები, რაც მათგან მოვისმინე, ნამდვილად არ არის საკმარისი და მისაღები. ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთის კომენტარი მოვისმინე, რომელმაც ეს ყველაფერი რაღაც გაუგებრობას მიაწერა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ დღეს ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მოვისმინე არგუმენტები, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი და არასერიოზულია. არგუმენტები, რომ ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ვიღაცამ ხმა რამდენიმე კანდიდატს მისცა, ძალიან არასწორია.
საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პიროვნულად ჩემთვის მარტივი არ არის ამ კომენტარის გაკეთება, ეს ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას. ჩემი წარმოდგენა არის, რომ ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება შემდეგ თანამშრომლობა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემი პოზიციაა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრაქციამ ამაზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, საზოგადოებამ მათგან უნდა მოისმინოს ეს არგუმენტები, თავად განსაჯონ, რამდენად მისაღებია და რამდენად – არა. ისეთ სერიოზულ საკითხზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ავარჩევინეთ კლანის წევრები. ეს არგუმენტები ჩემთვის არ იყო სერიოზული, დანარჩენზე ისაუბრებენ თვითონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.

არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატის მხარდაჭერას.
როგორც მელია განმარტავს, აღნიშნული ქმედება უპრინციპო და უპასუხისმგებლოა.
„დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ.
როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი, ვიცე-სპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია, იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა „ლაგდება“, სადაც და როგორც უნდა.
არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება, ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს“, – განაცხადა მელიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს მათი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.
პარტია ანალოგიურისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.
“საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.
ანალოგიურად მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროვონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.
საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!” – წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ “ოცნების” ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.
“გირჩი” აცხადებს, რომ კენჭისყრაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.”საქართველოსთვის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას და ქეთი თურაზაშვილს მხარი არცერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერიათ:

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულები იყვნენ მხარი არ დაეჭირათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრებად ასარჩევი იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც “ქართული ოცნების” მორჩილები იქნებოდნენ.
მიუხედავად ამისა, არჩეული სამი კანდიდატიდან ერთმა 91 ხმა მიიღო, ორმა, 93. გოცირიძემ სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ თქვა, რომ 5 ოპოზიციონერი ან გაიყიდა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში.
“მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ არ დაუჭერდა მხარს იმ კანდიდატებს, რომლებიც იქნებოდნენ ქართული ოცნების მონა მორჩილი და რომელიც ქვეყანაში განახორციელებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. არავისთვის ამ კანდიდატებიდან ოპოზიციას მხარი არ დაუჭერია. მაშინ მოხდა ორი რამ, ან გაიყიდა 5 ადამიანი, ვინაიდან 5-მა ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში. ეს არის გამოძიების საგანი”, – თქვა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 ვაკანტური ადგილიდან 3 შევსებულია – ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს.

არჩეულები არიან ადვოკატი, გიორგი გზობავა – 91 ხმით, შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ზურაბ გურასპაშვილი – 93 ხმით, იურისტი ტრისტან ბენაშვილი – 93 ხმით.

ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მათი კოლეგების ნაწილი გარიგებაში არიან “ქართულ ოცნებასთან”, რადგან მხარი დაუჭირეს მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატებს.

“კენჭისყრამდე ჩატში 4 გვარი ჩაიწერა, რომელთა მიმართებაშიც შესაძლებელი იქნებოდა მხარდაჭერის გამოცხადება… სხვა შემთხვევაში ეს მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო”, – ამის შესახებ ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი საგანგებო ბრიიფნგზე საუბრობს.
7-8 თვის განმავლობაში, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საშუალება წარადგინოს და დანიშნულ იქნეს არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში. 7 თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ “ქართული ოცნების” წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არც ერთ კანდიდატს.
საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს და ყველასათვის მემგონი ეს სახელი და გვარები ცნობილია. და კენჭისყრამდე, საგანგებოდ, 4 გვარი ჩატში ჩაიწერა, რომელთა მიმართებაში შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ამ 4 კანდიდატთან მიმართებაში მხარდაჭერის გამოცხადება. სხვა შემთხვევაში ეს მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო.
მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბატონი სერგეენკო, მაგალითად, “ქართული ოცნებიდან”, მთელი 2 თვის განმავლობაში არ გამოჩენილა პარლამენტში და დღეს საგანგებოდ გამოჩნდა, ასევე სხვა დეპუტატებიც საგანგებო მობილიზაციით იყვნენ დღეს გამორჩეულები პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად, ბუნებრივია, ეს თანხვედრა ჩვენი აწ უკე ყოფილი ფრაქციის წევრების მხრიდან მხარდაჭერა სამთავრობო კანდიდატებისათვის, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს და მემგონი ეს კითხვის ნიშნებზე პასუხს საზოგადოება თავისთავად გასცემს, – თქვა ბეჟაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის კენჭისყრის დროს, სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს, უნდა ახსნან, რატომ მისცეს ხმა.

მისივე თქმით, ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განმარტოს, ეს ასე რატომ მოხდა.

„ალბათ, ახსნიან, ხმა რატომ მისცენ. ვთვლიდი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიგვეღო. უმრავლესობას შევთავაზეთ, რომ ხუთ კანდიდატს წარვუდგენდით, კონსენსუსი ყოფილიყო ისე, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩათვლილიყო. ამაზე დიდმა ნაწილმა უარი თქვა, რადგან სიაში იყვნენ კანდიდატები, ვისთვისაც მხარი უნდა დაგვეჭირა. არამოსამართლე წევრად გავიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. ეს ყველაფერი ოპოზიციის დისკრედიტაციას იწვევს, ისედაც მრავალფეროვანია ოპოზიცია. არავითარი ეფემერული ერთობები არ არსებობს, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის პარტიასა და ფრაქციაზე. უნდა ახსნან, ხმა რატომ მისცეს და ალბათ, ფრაქციამაც უნდა თქვას, ეს ასე რატომ მოხდა. როგორც წესი, ფრაქცია თავის წევრებთან კოორდინაციაშია ხოლმე. ჩემს დროს ასე იყო, ჩვენ ვსაუბრობდით და ერთმანეთის აზრს ვიზიარებდით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ჩვენ მზად ვართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ნაფიცი მსაჯულების მანდატს გააფართოებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გზით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება სასამართლო რეფორმაში.

„ამ საკითხზე არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს დისკუსია „ქართულ ოცნებასთან“. გუშინ მთელი დღე ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენი პოზიცია საკმაოდ მარტივია. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი თუ ისეთი დაკომპლექტებით სასამართლოს რამე ეშველება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ნაფიცი მსაჯულების მანდატს გააფართოებს. ჩვენ ყველაზე კონსტრუქციული და ამავდროულად ეფექტიანი გზა გვაქვს. იუსტიციის საბჭოსაც დავაკომპლექტებთ და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ სასამართლო რეფორმაში, რომელიც 12 პუნქტის ნაწილია. ამაზე „ქართული ოცნებისგან“ თანხმობა ჯერ არ გვაქვს. როგორც ვიცი, კანდიდატურებზეც არ არის თანხმობა, მათ შორის, ოპოზიციაშიც“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა – 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ “ხალხის ძალას” ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა აირჩია:

ტრისტან ბენაშვილი – 93 მომხრე;
გიორგი გზობავა – 91 მომხრე;
ზურაბ გურასპაშვილი – 93 მომხრე.
არ აირჩია:

ზურაბ აზნაურაშვილი – 10 მომხრე;
ვიქტორ ახალბედაშვილი – 10 მომხრე;
კარლო ბზიშვილი – 14 მომხრე;
ზაზა ბუაჩიძე – 10 მომხრე;
გრიგოლ გაგნიძე – 11 მომხრე;
იოსებ ვარძელაშვილი – 13 მომხრე;
მანუჩარ კაკოჩაშვილი – 8 მომხრე;
ავთანდილ კახნიაშვილი – 7 მომხრე;
რუსუდან კვინიკაძე – 89 მომხრე;
გოგა კიკილაშვილი – 89 მომხრე;
ალექსანდრე კობაიძე – 11 მომხრე;
ალექსანდრე კურცხალია – 15 მომხრე;
გია ლილუაშვილი – 16 მომხრე;
ხათუნა ლორია – 19 მომხრე;
თამარ მახარობლიძე – 14 მომხრე;
როინ მიგრიაული – 20 მომხრე;
ლია მუხაშავრია – 13 მომხრე;
ლევან ნემსაძე – 88 მომხრე;
ნინო ნიშნიანიძე – 87 მომხრე;
ნოდარ პაპუკაშვილი – 23 მომხრე;
სულხან სალაძე – 8 მომხრე;
ლიკა საჯაია – 10 მომხრე;
სოფიო სოხაძე – 10 მომხრე;
კახა წიქარიშვილი – 9 მომხრე;
დიმიტრი ხაჩიძე – 17 მომხრე;
თეიმურაზ ჯერუალიძე – 39 მომხრე.
კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

“კოლეგებო, გთხოვთ დატოვოთ სხდომა, ვისაც არ გსურთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ასე თუ გეწყინებოდათ რეკომენდაციის შესრულება, არ ვიცოდი”, – მიმართა მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ფარული კენჭისყრა ჩატარდა. შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს მხარი, რთულია.

პარლამენტის წევრი “ლელოდან” ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი “ქართულმა ოცნებამ” “იყიდა”.

“ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს. “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და, სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი დაცული იყოს სასამართლო სისტემაში”, – თქვა მან.

პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი “მოქალაქეებიდან” და იაგო ხვიჩია “გირჩიდან” აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდამჭერებს შორის ის დეპუტატები იყვნენ, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ჩვენს რიგში ხელიც კი არ გაუწევია ვინმეს რომელიმე ღილაკისკენ. პარლამენტის დარბაზში კი არა, არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს. ჩვენ არ ვართ. ხუთი, ვინც დავრჩით შიგნით ოპოზიციიდან, არცერთს არ მიუცია ხმა, დანარჩენი დარჩნენ “ქოცები”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარდამჭერთა შორის იყო პარლამენტში მათი ბლოკის სახელით არჩეული ნიკა მაჭუტაძე.

“ინფორმაციის მოძიება არის რთული, მაგრამ არა – შეუძლებელი. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება”, – თქვა წითლიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მაჭუტაძემ მასთან საუბარში ხმის მიცემა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებით ახსნა.

დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, “ნაციონალურ მოძრაობის” მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

კენჭისყრის გაგრძელების შემდეგ ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა – 90 დეპუტატის მხარდაჭერა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვაკანტურ ადგილებზე კენჭს მეორედ უყრიდნენ მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისაც სხვაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ოთხ კანდიდატს შორის. ესენი არიან:

რუსუდან კვინიკაძე;
გოგა კიკილაშვილი;
ლევან ნემსაძე;
ნინო ნიშნიანიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 9 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა, ხუთს არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი.

თითქმის ორი წელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰყავს პარლამენტის მიერ ასარჩევი არამოსამართლე წევრები. კონკურსში 31 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

15 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობდა, მისთვის მისაღები კანდიდატების შესახებ წარედგინა დასაბუთება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებდნენ.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2022 წლის 9 ნოემბერს დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები. ესენი არიან:

ლიკა საჯაია – “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” პროფესორი;
ანა აბაშიძე – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი;
დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი, “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი;
სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (“ღია სივრცე კავკასია”), საიას ყოფილი თავმჯდომარე;
გიორგი ბურჯანაძე – იმ დროისათვის საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.
მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ არამოსამართლე წევრს (ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს) უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ეს თანამდებობები ვაკანტური იყო.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

ტექნიკური შესვენების გასვლის შემდეგ პარლამენტში სესიის სხდომა განახლდა, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო.

მანამდე საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. დეპუტატების თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ქართულ ოცნებას გაურიგდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button