ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მივიდნენ
მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისმის შეძახილები: „საქართველო“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით იუსტიციის სახლთან მივიდნენ – ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ცოტა ხანში საპროტესტო მსვლელობის გაგრძელებას აპირებენ. მანამდე მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მივიდნენ. ცალმხრივად არის გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ასევე, მომიტინგეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისმის შეძახილები: „საქართველო“.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
რუსთაველის გამზირზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილი აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მოქალაქეებმა მსვლელობა, მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მათ „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ გამართვისკენ მოუწოდა.
„თავიდანვე გითხარით, რომ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები. მე და ჩემი მეგობრები გაგიძღვებით, არ იქნებით მარტო”, – მიმართა დემონსტრანტებს ხაზარაძემ. რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.
26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
“კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
“ძლიერი საქართველო” – 8,81%;
“გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს პირველმა სიტყვით მიმართა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ. მან მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. „ჩემი აზრით, ჩვენს სტრატეგიას, ჩვენს გეგმას აქვს სამი ძირითადი მიმართულება, – თქვა ცუცქირიძემ და დემონსტრანტებს სამი პუნქტისგან შემდგარი გეგმა წარუდგინა:
1. „ჯერ კიდევ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ფიქრობს ჯერ კიდევ რომ სადმე სამართლიანად გაიმარჯვა „ოცნებამ“, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის მანიპულაცია, გაყალბება, მაქინაცია, ის რუსული ომის გეგმა, რომელიც შეარულა ამ მთავრობამ. ეს არის ერთი მიმართულება.
2. მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.
3. მესამე არის ყველაზე მთავარი: მესამე ჩვენი ხმების, ჩვენი გზის მთავარი ღერძია – ეს არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიებში, ეს არის ბრძოლა ხელოვნებით, ეს არის ბრძოლა ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ: პარკებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, წინააღმდეგობა.
სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ღერძი ამ ბრძოლის. თუ ჩვენ ვიქნებით ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით ასი ათასი, მეტი და მეტი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, მეგობრებო.
მე მინდა შეგპირდეთ ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამებრძოლების სახელით, ჩვენ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე“.