ოპოზიციონერი პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყეს სისხლის სამრთლის კოდექსით

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჟურნალისტს უთხრეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყეს სისხლის სამრთლის კოდექსით. საქმე აღიძრა 126-ე, ძალადობის მუხლით.
დღეს, 24 მაისსს ცნობილი გახდა, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას „TV პირველთან“ საუბრის შემდეგ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა – ინფორმაცია პოლიტიკოსმა თავად მიაწოდა ჟურნალისტებს.
„ეს არ იყო შემთხვევით შეხვედრა, მას მიზანში ვყავდი ამოღებული – მკითხა, ხომ ვიყავი პოლიტიკოსი. ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე“, -განაცხადა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ მას მუშტები დაარტყეს თავის არეშიც.
გროგოლ გეგელიამ შეძლო თავდამსხმელის ავტომობილის ნომრის დამახსოვრება. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას.
გეგელიას თანაგუნდელი და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პასუხისმგებლობას აკისრებს „კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ“.
„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მას თავს ერთი პირი დაესხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.
როგორც გეგელია აცხადებს, თავდამსხმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის არეში მიაყენა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება პირმა პოლიტიკურ ნიადაგზე განახორციელა.
„ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე ვიმყოფები, ეს პირი იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ ზომას გამოვიყენებ მის წინააღმდეგ. „ტიტუშკებმა“ უნდა გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში ბოგინი არ გამოუვათ, ეს ქვეყანა ამას არ შეეგუება, ჩვენ არ ვართ ასეთი ხალხი და არც კულტურა გვაქვს ასეთი, რომ ქუჩაში ერთმანეთს თავში ვურტყათ, ეს არ არის არც ქართული, არც წესიერი, არც კანონიერი და არც კაცური.
სახლთან ახლოს, ეზოში, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ვეწერებოდი, როგორც ჩანს, ეს პირი უკვე იქ იყო მობილიზებული, აღმართზე ფეხით ასვლისას, ნელი სვლით მანქანა მომიახლოვდა, მძღოლს უკვე ჩართული ჰქონდა ვიდეო, აწარმოებდა გადაღებას, საუბარი პოლიტიკური თემებით დაიწყო, ჯერ მანქანიდან მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ყველა შესაძლო ხერხით სცადა სიტუაციის ესკალაცია, შემდეგ დატოვა მანქანა, გადმოვიდა, ჩემკენ გამოეშურა და თავის არეში მომაყენა რამდენიმე დარტყმა. ტერიტორია საკუთარი მანქანით დატოვა“, – აცხადებს გეგელია.
მისივე განმარტებით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირება ჰქონდა.
შეგახსენებთ “დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.
გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.
“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.
პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,”- აღნიშნულია “ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.