ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. დაგეგმილია მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით, სადაც, 19:00 საათზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით “დაიბრუნე ხმა” დაიწყება.
აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.
კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციის ფარგლებში, დაგეგმილია დამკვირვებლების სიტყვის გამოსვლა, რომლებიც არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ისაუბრებენ.
“აქედან გვექნება მსვლელობა. რამდენადაც ვიცი, “ლელო” იკრიბება მარჯანიშვილზე, იქიდან იქნება მსვლელობა და რუსთაველზეც იქნება აქცია. რუსთაველზე დამკვირვებლები მოუყვებიან თავიანთ ისტორიებს, რა ნახეს ამ არჩევნებზე, ეს ვიცით ერთადერთი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მათი მშვიდობიანი პროტესტი მიმართული იქნება 25 ნოემბრისთვის, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილება უნდა ცნონ.
“დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდება, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რაც ბატონმა კობახიძემ საკუთარი განცხადებით გვითხრა, იმ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, რასაც დიდი ხანია ველოდით, ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე. შესაბამისად, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი მიმართული უნდა აიყოს იმ ტალღის ფორმირებისთვის, რომელიც უნდა დასრულდეს 25 ნოემბერს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – „დაიბრუნე ხმა“ მართავენ.
ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.სტუდენტებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული ბანერები.
ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსთაველის მეტროსთან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.
რაც შეხეება GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისინი მარშს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.
სტუდენტები გეგმავენ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანიფესტი გააჟღერონ.
მოთხოვნების და მოწოდების შემდეგ სტუდენტები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა!” შეუერთდებიან.