მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიციური პარტიები “ოცნების” დეპუტატის საკრებულოდან გარიცხვას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით. ამასთან, ტყემალაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი კუხიანიძის ის „ფეისბუქ პოსტია“, რომელიც დეპუტატმა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა, ცნობილი მსახიობის ნუცა კუხიანიძის მამაა. ნუცა კუხიანიძე მიმდინარე პროცესებს საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. საკრებულოს დეპუტატის შვილი მამის განცხადებებს ემიჯნება და აღნიშნავს, რომ ის და მამამისი სხვადასხვა ბანაკში არიან და ხშირად უკამათიათ განსხვავებული პოზიციების გამო.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

“ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ- ნელა…”, – წერს ის ფეისბუკზე, თუმცა თავად გაზიარებული ინფორმაცია ამჟამად უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.

მსგავსი პოსტები

Back to top button