მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოპოზიციურმა პარტიებმა 24 თებერვალს აქცია დაანონსეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი იწყებენ პროცესს, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მივა.

„დღეს პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტული საზოგადოება თუ აკადემიური წრეები, ეროვნული მოძრაობის და უზენაესი საბჭოს წევრები ყველანი ერთად ვდგავართ და ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ – ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს სწორედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა, რომ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ არჩევანს გადახედოს. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას და გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე ვერ იმუშავებს ვერც ერთ შემთხვევაში, ამიტომ გთავაზობთ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე, იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება არ გადაიხედება არასდროს და შევიკრიბოთ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს ვუთხრათ – როგორ მედგრადაც ყოველდღიურად თქვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი ბიჭები, ისე მედგრად ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენს გვერდით და ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“.

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ბიჭებო! მადლობა, რომ ასე მამაცად იცავთ ჩვენი ერის ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა უკრაინის ფრონტი. ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ვაშაძემ.

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

“ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ჯგუფის პარტიები, არა პარტიები, სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი – ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების საკითხი. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავდგეთ ერთად და ვთქვათ, 24 თებერვალი, მაშინ, როცა რუსეთი, რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას, ეს არის წყალგამყოფი.
24 თებერვალს აქ, რუსთაველზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა კრიტიკულ მომენტში წყალგამყოფი დღის მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ: საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში”, – განაცხადა ელენე ხოშტარია.

ამასთან, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სოლიდარობის აქციები 24 თებერვალს დაიწყება და მზარდი იქნება. მათი თქმით, “კოლაბორაციონისტებს აიძულებენ, შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით”. გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე ვცხოვრობთ და 24 თებერვალს საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა უნდა დაიწყოს.

თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რათა შეკრებილებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ 24 თებერვალი იყო გამყოფი ხაზი თანამედროვე სამყაროში, თუ ვის მხარეს დგას ქვეყანა და ხალხი.

“24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს…

ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება ლაჩრულ, უღირს პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. რუსეთი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაგვყოს, დაგვქსაქსოს. ჩვენი ამოცანაა, გაერთიანება და კონსოლიდაცია. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ბოროტების იმპერიის მხარეს მყოფი ხელისუფლება და მისი რუსული დანაყოფები. 24 თებერვალს დავიწყოთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე – ევროპულ, თავისუფალ, მშვიდობიან, დაცულ საქართველომდე”, – წერია “დროას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა, არ იყოს სრული.

მსგავსი პოსტები

Back to top button