„არ არის ლაპარაკი“ რუსეთისთვის სხვა ტერიტორიების შეერთებაზე-პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ახლა „არ არის ლაპარაკი“ რუსეთისთვის სხვა ტერიტორიების შეერთებაზე, როგორც მან თქვა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების რაიონში.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პესკოვმა განმარტა წინა დღით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, როცა კრემლის მმართველმა თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მნიშვნელოვანი შედეგია ახალი ტერიტორიების შეერთება.
პუტინს მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ოთხი ოლქი, რომლებიც რუსეთის მიერ ნაწილობრივ არის ანექსირებული. ანექსიას არ აღიარებენ უკრაინა და მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი.
კიევში პუტინის სიტყვები იმის დასტურად მიიჩნიეს, რომ უკრაინაში შეჭრის დასაწყისშივე რუსეთის ჩანაფიქრი აგრესიული და დაპყრობითი იყო. პესკოვს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა რუსეთი კიდევ სხვა ტერიტორიების ანექსირებას. კრემლის პრესმდივნის თანახმად, ამაზე ლაპარაკი არ არის: „ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არავითარი განცხადებები არ გაკეთებულა,“ თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ არეალში არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელთა გათავისუფლება უნდა მოხდეს“.
ჩანს, ის გულისხმობდა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ მიწებს, რომელთაც უკრაინა აკონტროლებს. ამასთან რუსეთის ხელისუფლებს, პესკოვის ჩათვლით, არ ძალუძთ ზუსტად თქვან, სად გადის რუსეთის საზღვარი. რუსეთის ჯარმა ახლახან დათმო ხერსონი, ხერსონის ოლქის დედაქალაქი, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქის დედაქალაქი ზაპოროჟიე მათი კონტროლის ქვეშ არ ყოფილა და იქ არ ჩატარებულა რუსეთთან შეერთების გარშემო ე.წ რეფერენდუმი.
კომენტატორებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ პუტინმა ტერიტორიის ანექსია ომის მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა, თუმცა თავიდან სხვა მიზნებზე ლაპარაკობდა. პესკოვის თქმით, რუსეთი კვლავაც ესწრაფვის უკრაინის დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას და „დონბასში მცხოვრები ადამიანების დაცვას.
ამასთან, როცა უკრაინაში შეჭრა გამოაცხადა, პუტინს არ უხსენებია სამხრეთ-აღმოსავლეთი.
კრემლის პრესსპიკერისვე განაცხადებით უკრაინაში კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს, თუ კიევი ამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს,
„ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გალურჯებამდე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ ომი შესაძლოა, 2023 წელს დასრულდეს.
„ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუკი კიევი ასე მოისურვებს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ამასთან, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ უკრაინა არ არის ვალდებული შემოიფარგლოს საკუთარი ტერიტორიით თავდაცვის მიზნით, პესკოვმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები „რა თქმა უნდა, კიევს ახალი თავდასხმებისკენ ახალისებს”.
„რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ფაქტობრივად, ახანგრძლივებს მთელ ამ რთულ პერიოდს და არ უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას“, – დასძინა პესკოვმა.
მიუხედავად პესკოვკის განმცხადებისა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამზადებს პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი, დამპყრობლური ომისთვის.
ცენტრის ანალიტიკოსები განიხილავენ 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას პუტინის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ შესაძლოა, „ხანგრძლივი პროცესი“ იყოს და რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების მოპოვებაა ამ პროცესის მნიშვნელოვანი შედეგი.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, პუტინმა თავი მომგებიანად შეადარა პეტრე პირველს და თქვა, რომ დღეს რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა.
ISW-ის შეფასებით, რუსეთის იმპერიის ისტორიის მოშველიება აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაში აქვს იმპერიალისტური და ჯერ კიდევ მაქსიმალისტური მიზნები და რუსეთის შიდა აუდიტორიას განაწყობს ხანგრძლივი ომისთვის უკრაინის დამატებითი ტერიტორიების დასაპყრობად.
რუსეთის არმია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დეკემბრისთვის მან საგრძნობლად დაიხია უკან. კიევი თვლის, რომ მისთვის ომის მიზანია უკრაინის მთელი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, სრული გათავისუფლება.