ოქროს კაცი – ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია! [Photo/video]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ბოლოდროინდელი პროგრესი რუსეთის ქალაქ ყაზანში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფით გაგრძელდა. ძიუდოისტმა, რომელმაც მხოლოდ ახლახან შეძლო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ზონაში დამკვიდრება, ევროკონკურენციაში ყველას დაანახა, რომ ბრაზილიაში ოლიმპიური ტიტულისთვის საბრძოლველად მიდის.

მარგველაშვილმა რუსულ ტატამზე წაუგებლად იჭიდავა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. შეჯიბრება პორტუგალიელ ანდრე სუარეშთან დაჭიდებით გახსნა და მოწინააღმდეგეს ბეჭებზე დასანარცხებლად წუთნახევარი აკმარა. იპონითვე, 2 წუთში გაუსწორდა თურქ სინან სანდალს. შემდეგ კი, ევროტიტულზე ფიქრი ორ უმთავრეს ფავორიტს დაასრულებინა – მეოთხედფინალში ვაჟა მარგველაშვილმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი არსენ გალსტიანი შეარცხვინა მშობლიური ტრიბუნების თვალწინ – მოწინააღმდეგის იუკოს წილ შესრულებული ვაზარით. ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ბელარუს დმიტრი შერშანს ოქროს დროში შესრულებული იუკოთი მოუმთავრა საქმე.

ოქროს წერტილი კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგა – გადამწყვეტ ბრძოლაში მარგველაშვილმა ბრიტანელ კოლინ ოუტსს მეოთხე წუთის ბოლოს შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით სძლია და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 400 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33903″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button