ოქროს წერტილი მაისურაძემ დასვა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/09/s.jpg)
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს ნანატრი ოქროს მედალი მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მირიან მაისურაძე ავიდა, რომელმაც საჩემპიონო გზაზე ოთხი გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატი მაისურაძემ იტალიელ სალვატორე დიანასთან დაჭიდებით გახსნა და წუთსა და 55 წამში წმინდად მოიგო. მეოთხედფინალში უკრაინელ ანდრეი გიკას 3:2 აჯობა. ნახევარფინალში სომეხ არმან ავაგიანს 2 წუთი და 47 წამი აკმარა 10 უპასუხო ქულის ასაღებად. ოქროს მედალს კი რუსეთის ნაკრების წევრ კამილ აბდულჯამალოვის ძლევით (11:9) დაეუფლა.
თბილისის სპორტის ახალი სასახლის ხალიჩაზე საპრიზო სამეულები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ვლადიმერ გამყრელიძე (46 კგ), ამირან ვახტანგაშვილი (54 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეც (100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ პოდიუმს მიღმა დარჩნენ.
მიზანთან ყველაზე ახლოს ვახტანგაშვილი მივიდა. ძირითად ბადეში, პირველსავე შეხვედრაში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, რუსეთის ნაკრების წევრ რაშიდხან ტიმირბეკოვს დაუპირისპირდა და წუთსა და 46 წამში წმინდად დაამარცხა. ყირგიზ იკრომჟონ ხაჯიმუროდოვს 7:5 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი მომავალ ჩემპიონთან – უკრაინელ ანდრეი ზელეპთან წააგო (4:10) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვახტანგაშვილი ინდოელ რავინდერ რავინდერთან ვეღარას გახდა (0:11) და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ვლადიმერ გამყრელიძე, დანიელ მარქარაშვილი და ელგუჯა ბალანჩივაძე მედლებისთვის ბრძოლას დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით ჩაამთავრა. გიორგი გეგელაშვილმა (42 კგ) და თორნიკე ქათამაძემ (50 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.