ოქრუაშვილი მერვე პოლიტიკოსია, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 4 ივლისს, გამოცხადდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. ამასთან მას 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. პენიტენციური სამსახურის წერილის მიხედვით, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა.
ამ გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მერვე პოლიტიკოსია, რომელიც სადავო პარლამენტში „ქართულ ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნეს, რის გამოც პატიმრობაში არიან.
ისინი არ აღირებენ სადავო პარლამენტის ლეგიტიმაციას და უარი თქვეს იქ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ამის გამო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მათი საქმეები პროკურატურაში გადააგზავნა – თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა“) და პატიმრობის მისჯის გარდა, ორი წლით აუკრძალა თანამდებობის დაკავება.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება” გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. უკვე გამოცხადებულია რვავეს (ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე) განაჩენი.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრიაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.
ირაკლი ოქრიაშვილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 14 მაისს შეეფარდა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
მის წინააღმდეგ საქმე ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ” საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღძრეს.
ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება – გასაჩივრების პროცედურები უნდა გავიაროთ, რომ შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ,- ამის შესახებ პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ოქრუაშვილისთვის 8 თვით თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა“.
„ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება, ან მის კანონიერებას ვეთანხმებით. აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ, გვაქვს თუ არა მოლოდინები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ”,- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდათ.
„საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოლოდინი გვქონდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. სასამართლომ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო აფასებს, ბრალდებულის ქმედებას, მის წარსულში ჩადენილ ქმედებებს, მის კანონისადმი დამოკიდებულებას და ამის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ სასჯელის კონკრეტულ სახეს არ ვითხოვდით, ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს ვითხოვდით”,- განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.