ორი მიუსაფარი ძაღლი, ქალს დაესხა თავს

თელავში, ორი მიუსაფარი ძაღლი, ქალს დაესხა თავს.
შემთხვევა ქალაქის ერთ- ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა ქვეითი აგრარული ბაზრის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
დაზარალებული ქალის განმარტებით, ძაღლები მას დღისით დაესხნენ თავს და დასახიჩრებისგან ადგილობრივებმა გადაარჩინეს.
” ერისთავის ქუჩით მივდიოდი ბაზრისკენ. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ ორი უზარმაზარი ქუჩის ძაღლი დამესხა თავს. წამაქციეს ,შემომახიეს ქურთუკი და, რომ არა გულისხმიერი ადგილობრივების დახმარება, შემჭამდნენ და დამასახიჩრებდნენ. ჯერ არ ვიცი, რამდენად გადავრჩი და რა იჩენს თავს. ვითხოვ, სასწრაფოდ გაუჩინონ ამ ძაღლებს თავშესაფარი და ქალაქი ძაღლებისგან გაწმინდონ”- ამბობს დაზარალებული.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით, არ აკეთებენ.
მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი გურჯაანში, რომელსაც ინტერმუნიციპალური დაფინანსება აქვს, კახეთში უკვე ორი წელია ამოქმედდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი აშენება, 2 მილიონ ლარამდე დაჯდა.