“ორშაბათს და სამშაბათს დავუშვებთ გამონაკლისს საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე”
ორი დღით, ორშაბათს და სამშაბათს დავუშვებთ გამონაკლისს საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ორი დღის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.
„ორშაბათიდან ყველა მსუბუქ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, ის შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.