ორშაბათს დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე, ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდნენ
საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გახარიას პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ანგარიში გადასცეს. შეხვედრა კოალიცია ძლიერი საქართველოს ოფისში გაიმართა და 1,5 საათი გაგრძელდა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, გუშინ გაიმართა სამი ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასა და იმას, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები არჩევნების ლეგიტიმურობას ამ დრომდე არ აღიარებენ, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც ოპოზიციის წევრები საუბრობენ მათ შეფასებებზე.
როგორც ირკვევა, საუბარი არამხოლოდ არჩევნების დღეს დარღვევებს, არამედ საერთაშორისო გამოძიების საკითხსაც შეეხო. ამასთან, კითხვები დაისვა სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებითაც.
“შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ანგარიში ეხება დარღვევებსა და გაყალბების სქემებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. საუბარი იყო ძირითადად ამ საკითხებზე, თუმცა კითხვები დაისვა პროტესტთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ, რასაც პასუხი გავეცით. საერთაშორისო გამოძიებაზე, შესაძლო მექანიზმებზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, ვადასტურებ”, – განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
ერთობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, დიპლომატებს აუხსნეს, რომ სამოქმედო გეგმის ფუნდამენტური ნაწილი საპროტესტო აქციებს შეადგენს:
“ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს, ქართული ოცნების სახით და არავინ, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობა ექნება ხელისუფლებას”.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ელჩებს უფრო მეტ ინფორმაციას მომდევნო დღეებშიც მიაწვდიან:
“ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდი ხვალ, ზეგ და მაზეგ იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება”.
ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია, არ მოხდება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და ჩართულობა.
„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ მათ წარვუდგინეთ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის.
ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მოვაწვდით ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში, რადგან ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია, არ მოხდება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ ორშაბათს დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე, ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდებიან და არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარუდგენენ. არაა გამორიცხული, დღესვე შეხვედრა გაიმართოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.
იქამდე, კი სამმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გუშინ, 31 ოქტომბერს ორშაბათს 19 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა:
“უპრეცედენტო შემთხვევაა – ჩატარდა ღია კენჭისყრა, სადაც ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა ნება გამოეხატა იმდაგვარად, რომ ყველას არ გაეგო ვის მისცა ხმა. ეს უკვე არის საფუძველი, რომ ეს არჩევნები იყოს ანულირებული, მაგრამ გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას, როგორც საერთაშორისო, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებას ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების სახით – რას აკეთებდნენ, როგორ დაგეგმეს, ვინ დაგეგმა” ამბობს ნიკა მელია.
მისივე თქმით, არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ არჩევნები გაყალბდა.